შალვა პაპუაშვილი – აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე არანაირი ევროკავშირი საქართველოსთვის საინტერესო არ არის, ყველამ თავი უნდა დაანებოს ამ თემების შემოპარებას საკუთარი აგენტების პირით
ბარამიძის ქმედების სამართლებრივ შეფასებას აკეთებს პროკურატურა, ბრალის წარდგენით გააკეთა კიდეც ეს და ამაზე იმსჯელებს სასამართლო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.
„ის, რომ ქართული მართლმსაჯულება ძალიან ობიექტურად და ფხიზლად განსჯის საკითხებს, დადასტურდა არაერთხელ სტრასბურგის სასამართლოში. ასე რომ, ვისაც უნდა, რამე კითხვის ნიშნები ჰქონდეს ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, ყველას უნდა სახეში ავაფაროთ სტრასბურგის გადაწყვეტილებები, რომელზეც არაერთხელ დადასტურდა ქართული მართლმსაჯულების გამართული მუშაობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურ ნაწილში საზოგადოებამ ნახა დროის მოკლე პერიოდში კასკადი განცხადებებისა, რომლებიც ერთი თემის გარშემო ტრიალებდა და ჯდება სპეციფიკურ კონტექსტში.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, პოლიტიკურ ნაწილში ჩვენ ვნახეთ დროის მოკლე პერიოდში კასკადი განცხადებებისა, რომლებიც ერთი თემის გარშემო ტრიალებდა და ჯდება სპეციფიკურ კონტექსტში. ჩვენ ვნახეთ ბარამიძის განცხადება, რომელმაც პირდაპირ ომის დანაშაულები დააბრალა ჩვენს ჯარისკაცებს აფხაზეთის ომის დროს, ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ აფხაზებს ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება, რომ იმ აფხაზ მოსახლეობასთან, რომელიც აფხაზეთში არის, მათთან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროსაც კი თანაცხოვრება არ წარმოუდგენია, ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება. რაც მთავარია, ვნახეთ გვარამიას განცხადება, რომელსაც საკუთარი იმპულსურობიდან გამომდინარე უფრო გაეპარება ხოლმე სიტყვა, ასე ვთქვათ, და წამოსცდება ხოლმე საკითხები, რაც უფრო ამჟღავნებს შემდეგ და ააშკარავებს, თუ რა შეიძლება იყოს ამის უკან. მან ისაუბრა აფხაზეთთან და, ზოგადად, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით სომხეთის გამოცდილების კონტექსტში და თქვა, რომ სომხეთისთვისაც ეს იყო ისტორიული ტრავმა და საუბრობდა ყარაბაღზე, რომ ამ ტრავმისგან გათავისუფლდნენ და გაეხსნათ ახალი ევროპული პერსპექტივები. მან პირდაპირ დააკავშირა და თქვა, რომ, სწორედ ასევე, ჩვენი ტრავმა არის აფხაზეთი თუ ცხინვალის რეგიონი. მან პირდაპირ დააკავშირა და კონტექსტი შექმნა იმის, რომ ჩვენც ამ ტრავმისგან უნდა გავთავისუფლდეთ, თუ გვინდა, ევროპული პერსპექტივა გადაიშალოს. ეს არ არის შემთხვევით ნათქვამი, ეს არის წამოცდენა, ეს არის კლასიკური წამოცდენა იმისა, რაზეც სინამდვილეში ჩუმ-ჩუმად სადღაც მიდის საუბრები. ეს ითქმის სომხეთის კონტექსტში და ეს ითქმის უკრაინის კონტექსტში ამავე დროს, როდესაც ჩვენ გვესმის, მაგალითად, გერმანიის კანცლერის განცხადება, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გააადვილებდა უკრაინის ევროპულ განვითარებას და ევროპულ მომავალს. არის არაერთი მინიშნება, უკვე ღიად საუბრობენ, რომ უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს მშვიდობის და ევროპის სანაცვლოდ. ანუ, დღეს, ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე, ფაქტობრივად, უკრაინა არის იმ მდგომარეობაში, რომ ზოგიერთი უბიძგებს მას, გადაწყვიტოს, უნდა ომი, სისხლისღვრა, მუდმივად ასეთ კრიზისში ყოფნა და, ზოგადად, ქვეყნის ნგრევა თუ უნდა მშვიდობა, ევროპა და ამისთვის მან უნდა დათმოს ტერიტორიები. ამ კონტექსშია სწორედ ეს ყველაფერი ნათქვამი და, რა თქმა უნდა, ეს მინიშნება ძალიან თვალში საცემი იყო ამ ყველაფრის გათვალისწინებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მუდმივად უნდა გაუსვას ხაზი იმას, რომ აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე ევროკავშირი საქართველოსთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს.
„ამიტომ ჩვენ არაერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ ამას, რომ არანაირი ევროპული პერსპექტივა აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე ჩვენთვის საინტერესოც კი არ არის. აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე ევროკავშირი ჩვენთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. ეს უნდა დაიმახსოვს ყველამ, ვინც გვარამიების პირით ცდილობს, ჯერ რომ შემოაპაროს. თქვენ რა გგონიათ, მათ არ ჰყავთ ამ თავიანთ მიმდევრებში ადამიანები, რომლებიც აჰყვებიან ამას და იტყვიან, ჰო, ბოლოს და ბოლოს, მოდით რა, ჩვენ ეს ტრავმაც დავივიწყოთ და სამაგიეროდ ევროპული პერსპექტივა გვექნება? გგონიათ, ამას ვერ შეფუთავენ? იტყვიან, ჩვენ გავხდეთ წევრი და მერე, რომ გავძლიერდებით, ისინი თვითონაც შემოვლენ და ასე შემდეგ. ისე ლამაზად შეფუთავენ და თავიანთ მიმდევრებს დააჯერებენ, როგორც ბევრ ასეთ აბსურდს და ბოდვას აჯერებენ ხოლმე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ითქვას, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე არანაირი ევროკავშირი საქართველოსთვის საინტერესო არ არის. ამიტომ ყველამ თავი უნდა დაანებოს ამ თემების შემოპარებას საკუთარი აგენტების პირით, როგორიც არის გვარამია თუ სხვადასხვა წაჩურჩულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის ხელისუფლების არგუმენტი ბარამიძესთან მიმართებაში იმის დასადასტურებლად, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ განცხადებები არის ორკესტრირებული?
პაპუაშვილის თქმით, ძალიან მკვეთრი რეაქცია იყო საზოგადოების მხრიდან ყველა ამ განცხადებაზე და ამან კიდევ ერთხელ აჩვენა მათ, ვისი დაკვეთითაც ამ ადამიანებს ეს თემები შემოჰქონდათ, რითაც პირი მოუსინჯეს, რა იქნებოდა, რომ თავი უნდა დაანებონ ამაზე ფიქრს.
„მე მგონი, ძალიან მკაფიოდ არჩვენა ქართველმა ხალხმა, რომ ყველამ თავი უნდა დაანებოს იმაზე ფიქრს, რომ საქართველო აფხაზეთს და ცხინვალს რუსეთს ჩააბარებს იმ იმედით, რომ ამით ევროკავშირში გაწევრიანების ორ თავს გაგვიხსნიან და მოლაპარაკების სამ შეხვედრაზე დაგვიძახებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.