შალვა პაპუაშვილი - ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის სავაჭრო ობიექტი, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანების ციხეში ყოფნა-არყოფნის საკითხს
შალვა პაპუაშვილი - ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის სავაჭრო ობიექტი, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანების ციხეში ყოფნა-არყოფნის საკითხს

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი არ უყურებს ადამიანებს და მათი ციხეში ყოფნა-არყოფნის საკითხს, რომ ადამიანის თავისუფლება იცვლებოდეს რამეზე, რაც არ უნდა მიზანი იყოს, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას უკავშირდებოდა.

კითხვაზე, პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილმა თქვა, თითქოს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი აპირებს შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, უბრალოდ, ელოდება მომგებიან დროს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „ამ საკითხის ასე დაკავშირება არის მიუღებელი, ეს არის არაევროპული და, პირიქით, დისკრედიტაციას უწევს როგორც ჩვენ ქვეყანას, ასევე ევროპასაც, როდესაც ხდება ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილზეც არის ხოლმე საუბარი, მსჯავრდებულის დაკავშირება ევროპულ პერსპექტივასთან“.

მისივე თქმით, გუშინ კეთდებოდა კომენტარები, თითქოს პრეზიდენტი ელოდება ხელსაყრელ მომენტს, როდესაც ის შეწყალებით უფრო მეტს გამოივაჭრებს საქართველოსთვის.

„ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის სავაჭრო ობიექტი, ეს არ შეიძლება ასე. გვიკვირს მერე, გუშინ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა გააკეთა ასეთი სახის კომენტარი, რა გამოდის,რომ ტყვეებით ვაჭრობაა თუ რა არის? როდესაც ადამიანის თავისუფლება არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს, რაც არ უნდა მიზანს ემსახურებოდეს, ხელსაყრელი მომენტის მოძებნა, რომ შეიწყალო, არ მგონია, იყოს სწორი მიდგომა და პრეზიდენტი ასე უყურებდეს ამ საკითხს, ვინაიდან გამოდის, რომ ამ შემთხვევაში მას გადაწყვეტილი აქვს შეწყალება, მაგრამ ის ეგუება, რომ ადამიანი, რომელზეც თუკი გადაწყვეტილება აქვს მიღებული შეწყალების, იყოს თავისუფლების აღკვეთის ადგილას და ეძებს ხელსაყრელ მომენტს, რომელიც შეიძლება, დადგეს ან არ დადგეს, ან როდის დადგეს, არავინ იცის.

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანებს, ინდივიდებს და მათი ციხეში ყოფნა-არყოფნის საკითხს, რომ ადამიანის თავისუფლება იცვლებოდეს რამეზე, რაც არ უნდა მიზანი იყოს, ამიტომ მე ამ განმარტებას და ინტერპრეტაციებს, რომელიც მოვისმინე გუშინ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებისგან, კატეგორიულად გამოვრიცხავ. საქართველოს პრეზიდენტს, არ მგონია, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.