შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ მანდატის დატოვებით რეიტინგთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გაეცემა
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ მანდატის დატოვებით რეიტინგთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გაეცემა

ვინმე თუ ფიქრობს, რომ მისი პარტიის ცალკეული წევრი ან სიის წევრი იყო განმსაზღვრელი, მაშინ მათ აქვთ ყველანაირი ბერკეტი, განსაკუთრებით, მაჟორიტარ დეპუტატებს, თავიანთი პრეტენზია დაამტკიცონ, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ ექვსი წევრის წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველ ართან საუბრისას აღნიშნა, უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ მანდატის დატოვება პასუხს გასცემდა რეიტინგთან დაკავშირებულ კითხვებს.

„ვინც კითხვას სვამს რეიტინგთან დაკავშირებით, მას ყველაზე კარგი ინსტრუმენტი აქვს, რომ ამ კითხვას თავად გასცეს პასუხი. მანდატის დატოვება იქნებოდა გზა, რომ ამ კითხვისთვის პასუხი გაეცათ. არჩევანია, ასეთი კითხვები არ დასვან და ამ სიტუაციას ისე მოვეპყრათ, როგორც მიღებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში. პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა და მოსახლეობის მხარდაჭერა მიიღო. ეს არის პარტიის ერთობლივი გამარჯვება. ვინმე თუ ფიქრობს, რომ მისი პარტიის ცალკეული წევრი ან სიის წევრი იყო განმსაზღვრელი, მაშინ მათ აქვთ ყველანაირი ბერკეტი, განსაკუთრებით, მაჟორიტარ დეპუტატებს, თავიანთი პრეტენზია დაამტკიცონ. საკითხს ასე თუ დასვამენ, მარტივად შეუძლიათ, დაამტკიცონ, რომ ეს რეიტინგი იყო განმსაზღვრელი. მათ ადგილას არ ვიტყოდი, რომ განმსაზღვრელი იყო გიორგი გახარიას დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ პარტიულ რეიტინგზე, რადგან ეს არათუ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ წლებია, საზოგადოება ენდობა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც სხვადასხვა ლიდერი ჰყავდა, დღესაც ბევრი გამორჩეული ლიდერი ჰყავს. პარტიის ღირებულება სწორედ ეს არის. ვინც ამას კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს, მაშინ საკუთარი პრეტენზიის ვალიდობა უნდა დაამტკიცოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.