შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა

ოპოზიციამ სერიოზულობა კიდევ ერთხელ რომ აჩვენოს დღეს საზოგადოებას, იქნებ თავი შეიწუხონ ოპოზიციის წევრებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც და ზეგაც, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ხათუნა სამნიძეს მის მიერ ბიუროს სხდომაზე დაყენებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა კენჭისყრაზე დღესვე დადგეს.

პაპუაშვილის თქმით, ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა, რასაც ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

„ჩვენი პარლამენტის მუშაობა არ ტრიალებს მხოლოდ თქვენს დღის წესრიგზე. გასაგებია, რომ თქვენი ინიციატივები დაკავშირებულია, უცხო ქვეყნის საჯარო ინსტიტუტები რა განცხადებებს აკეთებენ. თქვენ პირადად ეს ინიციატივა დაყენებული გქონდათ დეკემბერში, „ნაციონალურ მოძრაობას“ – შარშან, ივნისში და ამ პერიოდში არცერთხელ არ გამოგიტანიათ. საკითხის აქტუალობა და განსაკუთრებული მობილიზება გამოიწვია იმან, რომ სხვა ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება და ამით აწყობთ თქვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს გასაგებია, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ამ კვირის დღის წესრიგში არის თქვენი საკითხი ჩასმული და აუცილებლად გამოვა ეს საკითხი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა, მობილიზდეს, გამოიჩინოს სერიოზულობა და მომდევნო დღეებშიც გამოცხადდეს სხდომებზე.

„ქალბატონო ხათუნა, ნერვების აშლის ნაცვლად, ჯობია, ოპოზიცია უფრო მეტად ორგანიზებული და ჩამოყალიბებული იყოთ. ნუ გაბრაზდებით სხვებზე, გაბრაზდით საკუთარ თავზე. ამ საკითხზე კამათი არ გვინდა. თქვენი საკითხი არის დღის წესრიგში, იყავით მობილიზებული, განხილვები იქნება შესაბამისად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.