შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის ინგლისური ვერსია ვენეციის კომისიაში დღეს გადაიგზავნა
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის ინგლისური ვერსია ვენეციის კომისიაში დღეს გადაიგზავნა

დღეს ჩემმა კაბინეტმა უკვე გადააგზავნა დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის ინგლისური ვერსია ვენეციის კომისიაში, თხოვნით, რომ ერთობლივი დასკვნა მოგვაწოდონ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მოკლე ვადებში მომზადდება.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც უკრაინის კანონთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო გამოცემული, გავითვალისწინებდით, ველოდებოდით ამ დასკვნას, თუმცა ვხედავთ, რომ გარკვეულად ჭიანურდება ამ დასკვნის წარმოდგენა, ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის, რომ ახლა ამ უკრაინულ კანონზე იმსჯელონ, უბრალოდ, საქართველოს პარლამენტის მიმართვის საფუძველზე. არაფერი ცვლილება არ არის, იმავე კანონს ვაგზავნით, რაც ისედაც არის ვენეციის კომისიაში. უკრაინის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ერთ წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა ვენეციის კომისიას და ჯერჯერობით არ არის დასკვნა, ახლა იმავე ტექსტთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით, იმედია, უფრო მალე იქნება პასუხი. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ეს კანონპროექტი,  მეტიც, მოუწოდა კიდევაც უკრაინას, რომ იმპლემენტაცია მოახდინონ ამ კანონის, ამიტომ ევროკავშირის მხრიდან, ზოგადად, მიდგომა არის დადებითად შეფასებული. ვნახოთ ვენეციის კომისიის შეფასება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.