შალვა პაპუაშვილი - აცდენილია რეალობას, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ უნგრეთთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა, მხარს ევროკავშირის ბევრი ქვეყანა გვიჭერს
შალვა პაპუაშვილი - აცდენილია რეალობას, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ უნგრეთთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა, მხარს ევროკავშირის ბევრი ქვეყანა გვიჭერს

აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ უნგრეთის ხელისუფლებასთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რომ „უნგრეთი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და „ქართული ოცნება“ ხშირად ეყრდნობა უნგრეთის და მისი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებებს“, რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნის მხარდაჭერა აქვს.

„საქართველოს ხელისუფლებას, პირადად მე, მქონდა ვიზიტი ევროპის ბევრ დედაქალაქში და ყველგან გვაქვს ეს მხარდაჭერა. მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, გააზრება იმის, რომ თავის დროზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, არასწორი ნაბიჯი იყო. საქართველოს ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნის მხარდაჭერა გვაქვს. ხელისუფლების მხარდაჭერა ნიშნავს საქართველოს მხარდაჭერას, ესეც არის გარკვეული ხრიკი რადიკალური ჯგუფების, რომ წარმოაჩინონ, თითქოს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა რაღაც სხვა არის და ქვეყნის მხარდაჭერა – სხვა. საქართველოს ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საგარეო ურთიერთობებს და, თავისთავად, საქართველოს ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს ხელისუფლების მხარდაჭერას და პირიქით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის ინიციატივა, გამოეთქვათ პროტესტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.