შალვა პაპუაშვილი - აბსურდია, თითქოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის ხედვას, უკრაინული ვერსია იმიტომაც გადმოვიღეთ, რომ ევროკომისიამ მოიწონა
შალვა პაპუაშვილი - აბსურდია, თითქოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის ხედვას, უკრაინული ვერსია იმიტომაც გადმოვიღეთ, რომ ევროკომისიამ მოიწონა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ დასკვნაში ორ მიდგომაზე მიუთითებს, ასევე აქვს რეკომენდაციები პროექტის გაუმჯობესებაზე.

როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ ზოგიერთი ტერმინი უფრო მეტად განიმარტოს.

„უნდა გავიხსენოთ ამ კანონპროექტის შემუშავების პრეისტორია. იცით, რომ ეს არის უკრაინული კანონის სრული ასლი, რაც ვენეციის კომისიამ დაადასტურა. ეს ის კანონია, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ კარგი კანონია. მათ უკრაინას რეკომენდაციაშიც კი ჩაუწერეს, რომ ეს ცხოვრებაში იყოს გატარებული. სწორედ ევროკავშირის მიდგომიდან გამომდინარე, რომელმაც თქვა, რომ ეს კანონი უკრაინაში კარგია, ჩვენ ამ კანონის ასლი მოვამზადეთ და ინიცირება მოვახდინეთ.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ვენეციის კომისია ამბობს, რომ არსებობს ორი მიდგომა – ინდივიდუალური და სისტემური. სისტემური მიდგომა გულისხმობს რეფორმას სხვადასხვა სფეროში – ფულის გათეთრება, ანტიმონოპოლიური საკითხები, ანტიკორუფციული საქმიანობა, რასაც ჩვენ ისედაც ვაკეთებდით, მათ შორის 12 პუნქტის ფარგლებში. იცით, რომ ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, სასამართლო რეფორმა ხორციელდება, ასევე არის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე რეფორმა. ვენეციის კომისიამ პროექტთან დაკავშირებით სიტყვასიტყვით თქვა, რომ მას აქვს რეკომენდაციები პროექტის გაუმჯობესებაზე. რეკომენდაციები ძირითადად ეხება იმ საკითხებს, რაზეც თავის დროზე ჩვენ ვსაუბრობდით – უკრაინულ კანონში გარკვეულ ხარვეზებს ვხედავდით. მაგალითად, სამართლებრივად დაცვის მექანიზმებს, გასაჩივრებას არ ითვალისწინებდა უკრაინული კანონი. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ ზოგიერთი ტერმინი უფრო მეტად განიმარტოს. მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკაში მონაწილეობა და შინაარსი უნდა იყოს უფრო მეტად განმარტებული. ასევე, ის შედეგები, რომელიც დგება ოლიგარქისთვის, იყოს უფრო მეტად პროპორციული. მაგალითად, მას სრულად კი არ აეკრძალოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, არამედ გარკვეული ზღვარი დაუწესდეს. ეს ყველა ის რეკომენდაციაა, რომელიც გასაგებია და პარლამენტი ამ საკითხებს განიხილავს. თქვენ იცით, რომ ეუთო/ოდირის დასკვნას ველოდებით. მომავალ კვირას, როგორც კი ეს პროექტი იქნება, კანონპროექტის განხილვას მივუბრუნდებით და სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით ვიმუშავებთ. რაც შეეხება სისტემურობას, ამ თვალსაზრისით რაიმე დეტალური რეკომენდაცია არ აქვთ. ასახელებენ სფეროებს – ანტიმონოპოლიური საქმიანობა, ფულის გათეთრება, თუმცა დეტალური რეკომენდაცია არ არის.

არ უნდა დაგვავიწყდეს ამ საკითხის პრეისტორია. ევროკომისიამ კანონპროექტთან დაკავშირებით უკრაინას რეკომენდაცია მისცა, რომ ამ კანონის იმპლემენტაცია მოახდინოს. ასე რომ, საუბარი, თითქოს ეს რამენაირად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის ხედვას, აბსურდია. უკრაინული ვერსია იმიტომაც გადმოვიღეთ, რომ მოწონებული იყო ევროკომისიის მიერ. სხვათა შორის, მოლდოვამაც ამავე ხერხს მიმართა – მათაც გადაიღეს უკრაინული კანონი, რომელიც წარდგენილი ჰქონდათ ვენეციის კომისიისთვის. მათაც იდენტური დასკვნა მიიღეს ვენეციის კომისიისგან“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.