შალვა პაპუაშვილი – 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას, მაგრამ ქართველმა ერმა მოახერხა იდენტობის შენარჩუნება

17:51, 26.09.2026

1921 წელს დამოუკიდებელმა საქართველომ დატოვა საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილმა ლევილში გადმოინაცვლა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო რთულად წარმოსადგენს ხდიდა ლევილში შენახული იმედის აღსრულებას. თუმცა, მისი თქმით, ეს იმედი არასოდეს გამქრალა.

„საბჭოთა წყობილების პირობებშიც კი საკუთარ მიწას, რწმენას და ენას მიჯაჭვულმა ქართველმა ერმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და გამოხატვა, თავისი სანუკვარი მიზნის მიღწევა.

1991 წელს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. მოიპოვა დიდი განსაცდელის, სისხლის, ცრემლის და გაჭირვების ფასად, რომლის გადახდაც მას მოუწია. დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების ტკივილები და იარა ჩვენ დღემდე მოგვყვება და მოშუშებას საჭიროებს.

ლევილის დაარსებიდან ერთი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო თავად დაბრუნდა აქ. დღეს ვხედავთ თითქმის ათწლიანი სამუშაოს შედეგს და ჩვენ უკვე რეაბილიტირებულ ლევილს ვხსნით.

ჩვენ ვხსნით ამ მამულს განახლებული ფუნქციით, წარსულის მეხსიერებით და მომავალზე ორიენტირებით. ჩვენ ვხსნით ადგილს, რომელიც უნდა გახდეს დღევანდელი დიასპორის, საქართველოს გარეთ დროებით მცხოვრები ადამიანების ერთმანეთთან და სამშობლოსთან დაკავშირების ცენტრი. მათი შვილების, შვილიშვილების შემეცნებისა და ფესვებთან კავშირის ადგილი.

საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა საზღვარგარეთ სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები. ვფიქრობ, რომ ლევილის მამული იქნება ამ დიდი ტრადიციის თანამედროვე გამგრძელებელი, რომელიც საქართველოსა და ქართული დიასპორის დაკავშირების მძლავრ ხელშემწყობ კერად გადაიქცევა.

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ამ ისტორიულ საქმეში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი თეა წულუკიანის როლი.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია ხანმოკლე იყო – სულ სამი წელი. მაგრამ ამ სამ წელიწადში შეიქმნა კონსტიტუცია, პარლამენტარიზმის გამოცდილება, საყოველთაო არჩევნების პრაქტიკა, სახელმწიფო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური იდეა. ამ მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციამ შემოგვინახა.

ამ ისტორიის პატივისცემა მისი გააზრებაცაა – მიღწევებთან ერთად შეცდომების, წარმატებებთან ერთად მარცხის, შეთანხმებებთან ერთად იმ დაპირისპირებების შესწავლა, რომლებიც ჩვენს წარსულს თან ახლდა.

ასე იქცევა ისტორიული მეხსიერება გამოცდილებად. ამ ისტორიას კი ლევილი ინახავს. დღეს ეს მამული ისევ საქართველოს ეკუთვნის. დღეიდან დამოუკიდებული და თავისუფალი საქართველო ამ ადგილს ახალ მისიას და სიცოცხლეს სძენს. ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი