შალვა პაპუაშვილი - 5 ივლისთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია, უახლეს ისტორიაში ეს იყო საერთოდ ამოვარდნა მდგომარეობიდან
შალვა პაპუაშვილი - 5 ივლისთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია, უახლეს ისტორიაში ეს იყო საერთოდ ამოვარდნა მდგომარეობიდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სახალხო დამცველის მიერ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საკითხი სასამართლოს განსახილველია და სარჩელის შეტანის შემთხვევაში, გადაწყვეტილებასაც სასამართლო მიიღებს.

„ეს ჩემი განსახილველი საკითხი არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს თუკი მიმართავს შესაბამისი სუბიექტი, ამ შემთხვევაში, ომბუდსმენს ეს უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ მან განაცხადა, რომ მიმართავს იმ სუბიექტებს, რომლებსაც აქვთ ეს უფლებამოსილება. ეს გახლავთ მათ შორის დეპუტატები. ამიტომ, სარჩელს თუ შეიტანენ, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, მე ამას შინაარსობრივად ვერ განვიხილავ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად აქვს საფუძველი მოთხოვნას, პაპუაშვილმა განაცხადა:

„არ მინდა, შინაარსობრივად შევიდე და რამე დავაკავშირო ან არ დავაკავშირო ერთმანეთთან. ზოგადად, 5 ივლისს რაც შეეხება, ყველამ შეაფასა უკვე და ჩვენი და საზოგადოების დამოკიდებულებაც ცნობილია. ეს იყო მოვლენა, რომელიც ჩვენს უახლეს ისტორიაში არის საერთოდ ამოვარდნა მდგომარეობიდან, რომელშიც ჩვენ, საზოგადოება შეჩვეული ვიყავით. მათ შორის მედია ყოველთვის არის სხვადასხვა მოვლენის ეპიცენტრში და ნამდვილად ამოვარდნა იყო, რომ ამხელა აგრესია იყო გამოხატული ჟურნალისტების მიმართ. ძალადობა, რაც ჩვენ ვნახეთ, ერთი მხრივ, დასასჯელიც არის, დასაგმობია, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, გასააზრებელია ამოვარდნა, რაც ჩვენ 5 ივლისს ვნახეთ. ვცდილობ, არ შევიდე საკონსტიტუციოო სასამართლოს კომპეტენციაში. თუ შეიტანს ვინმე სარჩელს, სასამართლო განიხილავს და ჩვენ ვნახავთ ამ განხილვის პროცესს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც სახალხო დამცველმა აღნიშნა: „5 ივლისის უკანონო ქმედებების ორგანიზატორმა ჯგუფმა შექმნა პარტია, მოვამზადეთ კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ეხება“.