შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბერს მიზანში ამოიღეს პრეზიდენტის სასახლე, რომლის აღებითაც ექნებოდათ შესაძლებლობა, შეეყვანათ ზურაბიშვილი, თუმცა მათ დახვდათ სალი კლდე სამართალდამცველების სახით
4 ოქტომბერს, ოთხი საათი დათქვეს, დაორგანიზდნენ და მიზანში ამოიღეს პრეზიდენტის სასახლე, რომლის აღების შემდეგაც ექნებოდათ შესაძლებლობა, შეეყვანათ სალომე ზურაბიშვილი, დაეყენებინათ და ეთქვათ, რომ ახლა ხელისუფლება ჩვენს ხელშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის სასახლის ასაღებად მისულ აქციის მონაწილეებს დახვდათ სალი კლდე სამართალდამცველების სახით.
„ხელისგულზე დევს, რაც ხდებოდა, საითაც მიდიოდა ყველაფერი. ზურაბიშვილმა 27 ოქტომბერს, შარშან, არჩევნებიდან მეორე დღესვე თქვა, რომ არჩევნები არ არის, მე ვარ პრეზიდენტი, ვიქნები და ვიქნებიო. მას ეახლებოდნენ ხოლმე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მათ შორის ევროკავშირის, ეახლებოდნენ მის სასტუმროს, თუ რავიცი, ოფისი, რაც აქვს ნაქირავები რეზიდენციაში და ის დღემდე უკანონოდ იყენებს პრეზიდენტის შტანდარტს, პრეზიდენტის დროშას, რომლის გამოყენების ერთადერთი უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. ჩვეულებრივი მითვისების აქტია, რომელსაც ის სჩადის და ამას განზრახ დებს ხოლმე შეხვედრებზე ევროკავშირის ელჩთან, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ელჩთან, ესენიც ეგუებიან, რომ ეახლებიან თვითმარქვია ადამიანს მის ოფისში და დგამენ სურათს, თითქოს ის არის ლეგიტიმური. საერთო ჯამში, ყველაფერი დალაგდა ისე, საითკენაც მიდიოდა, არჩევნები ყოველთვის არის ხოლმე კულმინაციის მომენტი ემოციურად. ამიტომ არჩევნებამდე მიიყვანეს ეს საკითხი. 4-ში ოთხი საათი დათქვეს, დაორგანიზდნენ და მიზანში ამოიღეს ზუსტად ის შენობა, პრეზიდენტის სასახლე, რომლის აღების შემდეგაც მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, შეეყვანათ სალომე ზურაბიშვილი, დაეყენებინათ და ეთქვათ, რომ ახლა ხელისუფლება ჩვენს ხელშია. ეს მანამდე თქვეს თავისუფლების მოედანზე პაატა ბურჭულაძემ და იმ რამდენიმე ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ, ზოგი კაფეს თანამშრომელია, ზოგი ინჟინერია და ზოგი ექიმია, იქ ვინც იყო, ვგულისხმობ ყველა მოქალაქეს, თითოეულ მათგანს, ვინც თავისუფლების მოედანზე იყო, მათ აწიეს ხელი, თუ მანდატი, ტაში დაუკრეს, კენჭისყრა ჩაატარა პაატა ბურჭულაძემ, საორგანიზაციო კომიტეტმა და ამ რამდენიმე ათასმა თქვა, რომ ხელისუფლება ავიღეთ ჩვენ ხელში. მორჩა, დავამხეთ ხელისუფლება სიტყვით, ახლა ეს უნდა გავაკეთოთ საქმით და დაიძრნენ პრეზიდენტის სასახლისკენ. მივიდნენ პრეზიდენტის სასახლის ასაღებად, დაიწყეს პრეზიდენტის სასახლის აღება, შევარდნენ შიგნით, დახვდათ სალი კლდე ჩვენი სამართალდამცველების სახით და დამარცხდნენ ქართველ პოლიციელთან. ერთადერთი, რამაც ჩვენ გადაგვარჩინა, არის ქართველი პოლიციელი, სპეცრაზმელი, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომლებსაც ხედავდით, რომ ლამის შიშველი ხელებით უწევდათ მათთან ბრძოლა, პირველი შერკინება. ამან გადაგვარჩინა, არა იქ ელჩის განცხადებამ. მახსოვს, მედია მიმართავდა ევროკავშირის ელჩს, იქნებ განცხადება გააკეთოთო და დაიმალა სუყველა. სხვა დროს რომ ვერ დაასწრებს ვერავინ განცხადებას, ყველა დაიმალა. ერთი განცხადება დაენანათ ქართველი ხალხისთვის, რომ ხალხო, მშვიდობა და ნუ შევარდებით პრეზიდენტის რეზიდენციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მეამიტობას არავის გაუტარებენ.
„მორჩა ეს ნათამაშევი მეამიტობის გატარების პერიოდი. ჩვენ არავის არ გავუტარებთ ამ მეამიტობას – ვიცოდი, არ ვიცოდი, რა ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. აქ სულელი არავინ არ არის და ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. ისინი თუ შეძლებდნენ პრეზიდენტის სასახლის აღებას და ქაოსის გამოწვევას ქალაქში, დააყენებდნენ იქ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც გაუჭირდებოდა? მეორე დღეს გამოვიდა ადამიანი, სალომე ზურაბიშვილი და თქვა, იქ არ უნდა შესულიყავითო, ის კი არ თქვა, არ უნდა შესულიყავით, რადგან ეს დანაშაულიაო, ყაველაშვილი პრეზიდენტი გამოვიდაო, 25 პოლიციელი რომ დააშავეთო, განა დანაშაულია ეს ყველაფერიო, ჩემს რეპუტაციას მიადგა ხინჯიო, თითქოს მე არ ვარ პრეზიდენტიო. რა თქმა უნდა, იქ დადგებოდა თავისი შტანდარტით და იტყოდა მგზნებარე სიტყვას. რა თქმა უნდა, მაია სანდუ და მსგავსი ადამიანები გამოეხმაურებოდნენ მას და იტყოდნენ, რომ საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვა. ეს მაიდანი გაგვიმზადეს, მოგვიმზადეს, შეგვიფუთეს, დაიწყეს განხორციელება და შეეჯახნენ საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს, შეეჯახნენ შსს-ს, უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სამსახურს, შეეჯახნენ საქართველოს სახელმწიფოს. ეს არის საბოლოო ჯამში, რატომაც გადავურჩით, თორემ მათი ხელიდან განწირული იყო ეს ქვეყანა 90-იანებში დაბრუნებისთვის. რა მაიდანზე რა იყო? ორცხობილებს რომ არიგებდნენ, ვის ურიგებდნენ, რას აკეთებდნენ არ იცოდნენ, რა ხდებოდა? მეგულება ერთი ორი უცხოელი საქართველოში, რომელიც სიამოვნებით გავიდოდა შემდეგ ორბელიანის მოედანზე და დაარიგებდა ბრეცელებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.