შალვა პაპუაშვილი - 3 ივლისის აქცია იყო კარგი მაგალითი, რამდენად სწორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას რადიკალური დღის წესრიგის მიმართ
შალვა პაპუაშვილი - 3 ივლისის აქცია იყო კარგი მაგალითი, რამდენად სწორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას რადიკალური დღის წესრიგის მიმართ

3 ივლისის აქცია იყო ყველაზე კარგი მაგალითი, რამდენად სწორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას რადიკალური დღის წესრიგის მიმართ, რამდენად ევროპულია ჩვენი საზოგადოება და რამდენად არაევროპულია ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც რადიკალური დღის წესრიგი აქვს, რამდენად არაევროპული გახდა საბოლოო ჯამში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, როდესაც რადიკალური დღის წესრიგის წინ წამოწევა და დამკვიდრება უნდათ, ყველა, ვინც ამ რადიკალურ კალაპოტში არ ექცევა, არის მათი მტერი, მიუღებელი და ხდება მათი გარიყვის მცდელობა.

„გუშინ რაც ვიხილეთ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორც ვერ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზეც კი, ზოგიერთ პატარა პარტიებს ვგულისხმობ, რომლებიც ერთი მხრივ, დაბალ ბარიერს ითხოვენ, რათა იყოს პლურალიზმი და მრავალფეროვნება პარლამენტში, ხოლო მეორე მხრივ, არიან ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი სატელიტი. საბოლოო ჯამში თავადვე ზარალდებიან ამ ყველაფრისგან. შეხედეთ ნებისმიერ პატარა პარტიას, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აჰყვა ან იყო პირდაპირი თანამზრახველი „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტისა. შეადარეთ მისი 2020 წლის საარჩევნო შედეგები 2021 წლის საარჩევნო შედეგებს. საბოლოო ჯამში, ყველა მათი  ხმები შეიწოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რადგან თუკი რადიკალიზმია, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ არის და რადიკალურად განწყობილი ამომრჩეველი ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“, ზარალდებიან თავადვე, ამ შეცდომაზე ვერაფერს სწავლობენ.

გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ, ასეთი ტიპის შეხვედრები, როდესაც ხდება გარიყვა ოპოზიციის ნაწილისა და ერთი მხრივ, მოსახლეობას აჩვენებენ, რომ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და მისი გავლენის ქვეშ მყოფი პარტიები, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობენ, რადგან ასეთი გაერთიანება მათ არაფერს არ მოუტანს, გარდა იმისა, რომ კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ იპარაზიტებს მათ ამომრჩეველზე, ხმებს თავისკენ წაიღებს და ისინი დარჩებიან ისევ ამ მდგომარეობაში, რადგან დამოკიდებული იქნებიან „ნაციონალურ მოძრაობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის შიგნით განსახილველი საკითხია ვინ ვის სად მიიწვევს, მაგრამ გარიყვა „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშანია.

„არის მცდელობა, რომ საკუთარივე კოლეგები, რომელთან ერთადაც სხვა დროს ძალიან კონსტრუქციულად თანამშრომლობენ ხოლმე, ახლა გარიყონ, თან მიზეზად რა აქვთ, რომ მათ უნდათ რადიკალური დღის წესრიგის წინ წამოწევა, რასაც აკეთებენ 2020 წლიდან მოყოლებული. ცდილობენ, საზოგადოება ამყოფონ რადიკალურ დღის წესრიგში, ვინც ამათ არ აყვება რადიკალურ დღის წესრიგში, გარიყავენ იმ მომენტში და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, სად არის სინამდვილეში ჩვენი პოლიტიკური სისტემის პრობლემა და ეს პრობლემა არის სწორედ რადიკალურ დღის წესრიგში, რომლის ხანდახან წახალისებაც ხდება, რადგან ამ რადიკალურ ჯგუფებთან ჩვეულებრივ ურთიერთობებს აგრძელებენ ხოლმე კოლეგები.

როდესაც რადიკალური დღის წესრიგის წინ წამოწევა და დამკვიდრება უნდათ, ყველა, ვინც ამ რადიკალურ კალაპოტში არ ექცევა, არის მათი მტერი, მიუღებელი და ხდება მათი გარიყვის მცდელობა. საქმე იმაშია, რომ საზოგადოება ყველას ხედავს, 3 ივლისი და ის აქცია, იყო ყველაზე კარგი მაგალითი, რამდენად სწორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას რადიკალური დღის წესრიგის მიმართ, რამდენად ევროპულია ჩვენი საზოგადოება, რამდენად არაევროპულია ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც რადიკალური დღის წესრიგი აქვს და რამდენად არაევროპული გახდა საბოლოო ჯამში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არც კი გამორიცხავენ, რომ პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბდნენ. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ არიან პოლიტიკური პროცესების ნაწილი, პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელები ისე, რომ მათ აქვთ ნული ლეგიტიმაცია, არც ერთი ამომრჩევლის ხმა არ აქვთ, მაგრამ შემოდიან პარტიების ველზე ლეგიტიმაციის გარეშე და ეს თავისთავად ანტიდემოკრატიულია, როდესაც ამავე დროს პრეტენზია გაქვს, რომ შენი დღის წესრიგით განვითარდეს ქვეყანა, როდესაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერაც კი არ გაქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი