შალვა პაპუაშვილი - დონორების პასუხისმგებლობაა, შეაჩერონ რადიკალიზმი „ენჯეოების“ მხრიდან, მათ ახლა უნდა იმოქმედონ, სხვა შემთხვევაში, იქნება მათი წილი პასუხისმგებლობაც
შალვა პაპუაშვილი - დონორების პასუხისმგებლობაა, შეაჩერონ რადიკალიზმი „ენჯეოების“ მხრიდან, მათ ახლა უნდა იმოქმედონ, სხვა შემთხვევაში, იქნება მათი წილი პასუხისმგებლობაც

ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა იყო, მგონი, ყველამ დაინახა, რომ მნიშვნელოვანია, ხშირად იყოს საუბარი საგნობრივ საკითხებზე. შეიძლება, ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ პოზიციები და არგუმენტები ვიცოდეთ, რადგან როდესაც ამ არგუმენტებს შემდეგ გავაცნობთ საზოგადოებას საჯაროდ, თავად გამოიტანს დასკვნებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლები, თუმცა აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ დატოვა აღნიშნული პლატფორმა.

„აქვე, მინდა, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობაზე აღვნიშნო. როგორც იცით, ამ შეხვედრაზე მოწვეულნი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ დატოვა პლატფორმა, შემდეგ ვხედავთ საჯარო განცხადებების სახით მომართვას, რომ ცალკე მათი სპეციფიკური ჩართვა მოხდეს ამ პროცესებში. მე რამდენადაც ვიცი, ეს ორგანიზაციები, წლებია, პლატფორმის წევრები არიან. ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა არის ყველაზე დიდი გაერთიანება არასამთავრობო ორგანიზაციების, 200-ზე მეტი ორგანიზაციაა და ერთადერთი პლატფორმაა, რომელსაც აქვს ინსტიტუციური ბმა ევროკავშირთან, ეს არის ევროკავშირის მიერ კოორდინირებული პლატფორმა და ამიტომაც მათთან ვთანამშრომლობთ. ეს ორგანიზაციები წლებია, ამ პლატფორმაში არიან. დეკემბერში იყო არჩევნები თავმჯდომარის და სხვადასხვა ჯგუფის. ამ ორგანიზაციების კანდიდატებმა არჩევნებში, სხვადასხვა კოლეგასთან ერთად, ყრილობაზე თუ ასეთი სახის არჩევნებზე, ვერ მოიპოვეს უმრავლესობის მხარდაჭერა, ამაზე გაბრაზდნენ და დატოვეს პლატფორმა. ეს გვაგონებს სხვადასხვა რაღაცას, გვაგონებს 2020 წლის არჩევნებს, როდესაც სხვადასხვა პარტიამ ვერ მიიღო ის მხარდაჭერა, რომელიც მათ სურდათ, გაბრაზდნენ და პარლამენტში არ შემოდიოდნენ, ეს გვაგონებს „ენჯეოების“ ქცევას, როდესაც ომბუდსმენის მათი კანდიდატი არ გავიდა, გაბრაზდნენ და დაიწყეს დისკრედიტაცია პარლამენტის და ახლად არჩეული ომბუდსმენის. ეს არის ტიპური მაგალითი რადიკალიზაციის, როდესაც შედიხარ პროცესში, პროცედურებს ეთანხმები, რადგან შედიხარ, არჩევნებში იღებ მონაწილეობას, აგებ არჩევნებს, ბრაზდები, შენს სათამაშოებს ალაგებ და გადიხარ, ამბობ, რომ თუ მე არ ვიქნები აქ უფროსი, არ გეთამაშებით. ეს არის რადიკალიზმი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, ამ „ენჯეოების“ დონორები დაფიქრდნენ.

„ერთადერთი, ვისაც ეს „ენჯეოები“ უწევენ ანგარიშს, არიან მათი დონორები და დამფინანსებლები. ქართველ ხალხს ისინი არ უწევენ ანგარიშს. სხვათა შორის, საინტერესო ფაქტორია, რომ არც საზოგადოებამ, არც პარლამენტმა, მეც არ ვიცოდი, შემთხვევით გავიგე იმ წერილით, რომელიც მომწერეს ამ სამუშაო შეხვედრამდე ერთი-ორი დღით ადრე. თქვეს, რომ არ ვართ ჩვენ წევრებიო. აღმოჩნდა, მათმა დონორებმა უკვე იცოდნენ, რომ უკვე დატოვებული ჰქონდათ პლატფორმა. ესეც აჩვენებს, რომ ისინი თავს ანგარიშვალდებულად მიიჩნევენ არა ქართული საზოგადოების წინაშე, როცა ამბობენ, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები ვართო, ისინი ანგარიშვალდებულად მიიჩნევენ თავს საკუთარი დამფინანსებლების წინაშე და ერთადერთი, ვისაც ანგარიშს უწევენ, არიან მათი დონორები. ამიტომ მათი დონორების პასუხისმგებლობაა. ახლა და აქვე უნდა მოხდეს ამაზე რეაგირება. ჩვენ ვხედავთ, ეს არის პროცესი, ამ პროცესის დისკრედიტირების მცდელობა ამ „ენჯეოების“ მხრიდან. მათი დონორების პასუხისმგებლობაა, შეაჩერონ ეს რადიკალიზმი, მათ უნდა იმოქმედონ ახლა. სხვა შემთხვევაში, მათი წილი პასუხისმგებლობაც იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.