შალვა პაპუაშვილი - 2024 წელს გვექნება სამწუხარო რეალობა, ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესებით, მეორე მხარეს - ოპოზიცია, რომელსაც ექნება ანტიქართული გაერთიანების სახე
შალვა პაპუაშვილი - 2024 წელს გვექნება სამწუხარო რეალობა, ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესებით, მეორე მხარეს - ოპოზიცია, რომელსაც ექნება ანტიქართული გაერთიანების სახე

ოპოზიციამ ვერ ჩააბარა ტესტი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აჩვენა საზოგადოებას, რომ იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ, სხვა დედაქალაქებისკენ, ელოდებიან ინსტრუქციებს. 2024 წელს გვექნება სამწუხარო რეალობა, რადგან ეს ჯანსაღ კონკურენციას არ უწყობს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 2024 წელს ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“, რომელიც ამოდის ეროვნული ინტერესებიდან, მეორე მხარეს კი – ოპოზიცია, რომელსაც ექნება ანტიქართული გაერთიანების სახე.

„2024 წლის არჩევნებს შევხვდებით სამწუხარო რეალობით. 2020 წელს, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ერთპროცენტიანი ბარიერი დამყარდა და შესაძლებლობა მიეცა ბევრ პარტიას, მაშინ პარლამენტში შემოვიდა 9 სუბიქტი, 14 პარტია, 11 პოლიტიკური ჯგუფია დღეს პარლამენტში. მიუხედავად ამისა, ვერ გამოიკვეთა მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი ვერცერთი ოპოზიციური პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელსაც ექნებოდა ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოზიცია. ჩვენ ვნახეთ და ეს იყო წელიწადნახევრიანი ტესტი, რომელიც კიდევ გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ, ტესტი, რომელიც ვერცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ ჩააბარა. გავიხსენოთ, რა იყო, ყველა აჰყვა გარედან შემოსულ რაღაც ლოზუნგებს, არავინ ფიქრობდა საქართველოს ინტერესებზე. შეგახსენებთ, რომ ყველა ეს პარტია, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, მოითხოვდა, საქართველო ჩართულიყო, საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მებრძოლები ბრძოლის ველზე, რაც არ გააკეთა არცერთმა სახელმწიფომ დედამიწის ზურგზე, არცერთმა, ნული სახელმწიფოა, რომელმაც ეს გააკეთა და ჩვენთან აქციებით ითხოვდა ოპოზიცია, რომ საქართველოს სამხედროები, მებრძოლები გაგეზავნა უკრაინაში და ამით ჩართულიყო პირდაპირ ომში. ჩვენი ოპოზიცია ითხოვდა, რომ საქართველოს დაეწესებინა სანქციები და ეკონომიკურ კოლაფსში ჩაეგდო საკუთარი ქვეყანა. არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მოუწოდებდა თავის ხელისუფლებას, რომ გადაელახა წითელი ხაზი, რომლის იქითაც დგება ეკონომიკური კოლაფსი. დღესაც ევროპა თუ აშშ, რომლებსაც დაწესებული აქვთ სანქციები, ყოველი საქნციის დაწესებისას ფიქრობენ, არ გადაკვეთონ ის წითელი ზღვარი, რომლის იქითაც საკუთარი მოქალაქეები დაზიანდებიან ჭარბად. დღესაც არის ვაჭრობა რუსეთთან, იქნება ეს ენერგომატარებლები თუ, მათ შორის, ალკოჰოლური სასმელები. ჩვენზე მეტს ვაჭრობს ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც საერთოდ არ აწარმოებს ღვინოს თუ სხვა სასმელებს. ჩვენზე მეტი ვაჭრობა აქვთ რუსეთთან. ასე რომ, ჩვენმა ოპოზიციამ ვერ ჩააბარა ტესტი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენმა ოპოზიციამ აჩვენა საზოგადოებას, რომ ისინი იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ, სხვა დედაქალაქებისკენ, ელოდებიან ინსტრუქციებს, მითითებებს, მიჰყვებიან ტალღებს, სოციალურ ქსელში რომ დაინახავენ ხოლმე, რაღაც არის პოპულარული თუ არაპოპულარული. 2024 წელს გვექნება სამწუხარო რეალობა, რადგან ეს ჯანსაღ კონკურენციას არ უწყობს ხელს. ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“, რომელიც ამოდის ეროვნული ინტერესებიდან, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და გაძლიერებული აღწევს თავის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს, მეორე მხარეს იქნება ოპოზიცია, რომელსაც ექნება ანტიქართული გაერთიანების სახე, რომელიც პირდაპირ უყურებს, რა ინსტრუქციები მოსდის მას ქვეყნის გარედან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.