შალვა პაპუაშვილი - 2022 წლის თებერვალში „ლელო“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველოში დაიწყებოდა ომი, მათ უნდა დაიწერონ საარჩევნო სლოგანი - „ომი საქართველოში“
შალვა პაპუაშვილი - 2022 წლის თებერვალში „ლელო“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველოში დაიწყებოდა ომი, მათ უნდა დაიწერონ საარჩევნო სლოგანი - „ომი საქართველოში“

2022 წლის თებერვალში „ლელო“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკა, რომელსაც ისინი მიჰყვებიან, არა საქართველოს ინტერესების, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურებაა.

„2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, „ლელო“ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი. დღეს გვექნებოდა არა აშენებული გზები და მაგისტრალები, არამედ გვექნებოდა დანგრეული და აფეთქებული ხიდები, გაუბედურებული ოჯახები, სიკვდილი და ეკონომიკური კრიზისი. გვახსოვს, მაშინ ისინი ითხოვდნენ, რომ გაგვეგზავნა მეომრები საქართველოს მთავრობას უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და მოგვიწოდებდნენ, ჩაგვეკეტა საზღვრები და აშ. ისინი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ და შეხვედრებზე გველაპარაკებოდნენ, გაგვეგზავნა უკრაინაში მებრძოლები და ჩაგვეკეტა საზღვრები, ეს არის პირდაპირი გზა ომისკენ რუსეთთან. ასე რომ, სინამდვილეში ეს არის „ლელოს“ საარჩევნო პროგრამა, მათ ერთადერთი, რაც უნდა დააწერონ სლოგანი თავიანთ საარჩევნო პროგრამას, ეს არის – „ომი საქართველოში“. ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი მიჰყვებიან, ეს არის არა საქართველოს ინტერესების, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება. ისინი მზად არიან, გადააყოლონ საქართველოს ინტერესი, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე სხვა ქვეყნების ინტერესს. ისინი მზად იყვნენ, გაეშვათ უკრაინაში მებრძოლები, როგორც სახელმწიფოს, რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, დაეკეტათ საზღვრები და სანქციების ომი გამოეცხადებინათ რუსეთისთვის, ამის შედეგი რა იქნებოდა, საქართველომ რამდენჯერმე ომით და ეკონომიკური კრიზისის სახით იცის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.