შალვა პაპუაშვილი - 2022 წლის 24 თებერვალს მსოფლიო შეიცვალა, პარლამენტმა, მთავრობამ გამოიჩინეს შორსმჭვრეტელობა, რათა დაეკავებინათ სწორი პოზიცია, რომელსაც ეროვნული ინტერესი გვკარნახობდა
2022 წლის 24 თებერვალს მსოფლიო შეიცვალა. ევროპა და, ბუნებრივია, საქართველოც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ომის მომსწრე გახდა. მიმდინარე ომს აქვს ცხელი წერტილები, ფრონტის ხაზი, ცეცხლის არეალი და გააჩნია ამ ომის ზემოქმედების არეალი. საქართველო ამ არეალის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილის განმარტებით, ამ რთული გამოწვევის ფონზე საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გამოიჩინეს გონიერება, წინდახედულობა და შორსმჭვრეტელობა, რათა დაეკავებინათ ის ერთადერთი სწორი და მტკიცე პოზიცია, რომელსაც ქვეყნის ეროვნული ინტერესი ჰკარნახობდა.
„მიმდინარე ომის ფონზე ქვეყანამ შეინარჩუნა საკუთარი გეოპოლიტიკური ვექტორი, გააგრძელა ევროინტეგრაციის პროცესი და ამის შედეგად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და ამის შედეგად არ აღმოვჩნდით ამ ომის მონაწილე. ქვეყანამ უარი თქვა ორმხრივ სანქციებზე და ამის შედეგად შევინარჩუნეთ ეკონომიკური განვითარების დინამიკა. მმართველი გუნდი მტკიცედ დაუხვდა იმ პროვოკაციებსა და ხაფანგებს, რისკენაც გვიბიძგებდა ზოგიერთი დაუძინებელი მეგობარი და სწორედ ამ გამოცდილებით, ამ შედეგებით, ამ მაგალითით წარსდგა არჩევნებზე. მრავალჭირნახულმა და უკვე გამოცდილმა ქართველმა ხალხმა, მისმა სრულმა უმრავლესობამ ეს დაინახა და თავისი ხმით ამ პოლიტიკას დემოკრატიული ბეჭედი დაასვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.