შალვა პაპუაშვილი – 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ ესკალაციისკენ რომ გვიბიძგებდნენ, ამის შედეგი რა იქნებოდა? ბრიუსელში სულელი არავინაა, ვერ მიმხვდარიყვნენ, რა შეიძლება, მოეტანა ესკალაციას
საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, ოკუპაცია ანექსიაში არ გადაიზარდოს. ამისკენ გვიბიძგებდნენ. რა გგონიათ, 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ ესკალაციისკენ რომ გვიბიძგებდნენ, ამის შედეგი რა იქნებოდა? ბრიუსელში სულელი არავინაა, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ, ესკალაციას რა შედეგები შეიძლება, მოეტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის განვითარებული პროცესების თაობაზე, ოპონენტები გაკრიტიკებენ, რომ ანექსიის პროცესი კიდევ უფრო ღრმავდება და „ქართული ოცნება“ ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ამ ყველაფრისგან თავის არიდება, მაშინ, როდესაც „აგენტურულ ჯგუფებს ჰქონდათ მცდელობა, პარლამენტის გამოყენებით ესკალაციაში ჩაეთრიათ“.
„ეს მიმდინარე შედეგებია იმ ოკუპაციის, რომლის წინაშეც თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის, გარედან წაქეზებული პოლიტიკის შედეგად საქართველო დადგა. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, ოკუპაცია ანექსიაში არ გადაიზარდოს. ამისკენ გვიბიძგებდნენ. რა გგონიათ, 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ ესკალაციისკენ რომ გვიბიძგებდნენ, ამის შედეგი რა იქნებოდა? ბრიუსელში სულელი არავინაა, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ, რას ნიშნავს ესკალაცია და ამას რა შედეგები შეიძლება, მოეტანა. ამას ავარიდეთ თავი მაშინ, როცა ამ შენობაში, წინა მოწვევისას, აგენტურულ ჯგუფებს ჰქონდათ მცდელობა, პარლამენტის გამოყენებით ესკალაციაში შევეთრიეთ, ისეთი შედეგები გვქონოდა, რომლის გამოსწორებაც კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევა, რომელიც ოკუპაციის სახით გვაქვს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ყველა ამგვარი გამოწვევა ოკუპაციასთან ერთად დასრულდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.