შალვა პაპუაშვილი - 2012 წლიდან საერთაშორისო პარტნიორებისგან მიდიოდა „ქართული ოცნების“ გადარწმუნება, არ გაეკეთებინა ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა და სისტემაში მყოფი ადამიანებისთვის მიეცა ახალ სისტემაში მუშაობის შესაძლებლობა
შალვა პაპუაშვილი - 2012 წლიდან საერთაშორისო პარტნიორებისგან მიდიოდა „ქართული ოცნების“ გადარწმუნება, არ გაეკეთებინა ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა და სისტემაში მყოფი ადამიანებისთვის მიეცა ახალ სისტემაში მუშაობის შესაძლებლობა

2012 წლიდან ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის ამერიკელების და ევროპელების მხრიდან მიდიოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადარწმუნება, რომ არ გაეკეთებინა იგივე, რაც სააკაშვილმა თავის დროზე გააკეთა, შეეცვალა სისტემა და ამ სისტემაში მყოფი ადამიანებისთვის მიეცა შესაძლებლობა, რომ ახალ, უფრო დემოკრატიულ და სამართლიან სისტემაში გაეგრძელებინათ მუშაობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას, დღევანდელი გადასახედიდან რამდენად სწორი იყო სასამართლო სისტემაში უვადოდ იმ მოსამართლეების განწესება, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს რეზონანსულ საქმეებზე გამოტანილი ხმაურიანი გადაწყვეტილებები უკავშირდებოდათ და დააზიანა თუ არა ასეთი წარსულის მქონე მოსამართლეების სისტემაში დაწინაურებამ ქართული მართლმსაჯულების სისტემის იმიჯი.

„ასე მოიქცა „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ სასამართლო სისტემაში, არამედ ყველგან. ეს მიდგომა შეეხო ყველა საჯარო სექტორს. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ეს მაშინ რთული გადაწყვეტილება იყო „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც, მათ შორის, სისტემის წინააღმდეგ კამპანიითაც გამოდიოდა 2012 წლის არჩევნებში. საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო სექტორის დაჟინებული მოთხოვნის და რეკომენდაციების შედეგად, მაშინ იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იცვლება სისტემა და ჩარჩო, მაგრამ არ ჩავდივართ ადამიანების დონეზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, თუ მოთხოვნის და რეკომენდაციების იდეა ის იყო, რომ ადამიანები უნდა შენარჩუნებულიყვნენ, მაგრამ მათ უნდა მისჩენოდათ საკუთარი ადგილი სისტემაში და იმის იქით არ უნდა განვითარებულიყვნენ, ეს ადამიანის ღირსების შემლახავი მიდგომაა.

„როდესაც ხელისუფლება ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, შემდეგ, სამი, ხუთი და ახლა უკვე თერთმეტი წლის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ კი, თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ახლა, მართალია, სისტემაში დარჩი, მაგრამ შენ შეიძლება, დარჩე, როგორც მხოლოდ პირველი ინსტანციის მოსამართლე და სხვა პერსპექტივა არ გექნება, ეს კონსტიტუციის დარღვევაც არის, კანონმდებლობის დარღვევაც და ადამიანის ღირსების დარღვევაც, როდესაც მას რაღაც მეორეხარისხოვან საჯარო მოხელედ განიხილავ. თუკი ეს იყო იდეა, რომ უნდა შენარჩუნებულიყვნენ ადამიანები, მაგრამ მათ უნდა მისჩენოდათ საკუთარი ადგილი სისტემაში და იმის იქით არ უნდა განვითარებულიყვნენ, ეს არის ადამიანის ღირსების შემლახავი მიდგომა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ოპოზიციის და პრეზიდენტის დამოკიდებულება, როცა ხელისუფლება პარტნიორს მოსამართლეების წინააღმდეგ მტკიცებულებების წარმოდგენას სთხოვს და ისინი ამის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

„ოთხ ადამიანს არ უნდა გადავაყოლოთო, აბა, რა ვქნათ, გავწიროთ ქართველი მოქალაქეები ისე, რომ მტკიცებულებების ჩვენებასაც კი არავინ ცდილობს ჩვენთვის? სხვათა შორის, ეს დამოკიდებულება გასაკვირი არ არის ზოგიერთი ენჯეოს მხრიდან, რომელსაც ამაზე ყიჟინა ჰქონდა მოწყობილი. ეს ორგანიზაციები ქართველ ხალხს არ წარმოადგენენ და მათ ქართველი ხალხის მანდატი არ აქვთ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე გასაკვირი იყო ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ოპოზიციურ პარტიებს რომ პრეტენზია აქვთ, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლებაში მოვიდნენ, ასე აპირებენ საკუთარი მოქალაქეების დაცვას? მათი უშუალო კონსტიტუციური ვალდებულებაა, დაიცვან საკუთარი მოქალაქე ყველგან და ასე აპირებენ საკუთარი მოქალაქეების დაცვას? როდესაც უცხო ქვეყანა მათ მოქალაქეებს და მოსამართლეებს კორუმპირებულობას აბრალებს, როდესაც ისინი ჰკითხავენ, სად არის მტკიცებულება და ამ მტკიცებულებას არც კი აჩვენებენ, ასე პირდაპირ აპირებენ, გაწირონ საქართველოს მოქალაქეები?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.