შალვა პაპუაშვილი - 20 ივნისის მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარლამენტის შენობაზე იყო შტურმი, რაზეც პოლიციას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა
შალვა პაპუაშვილი - 20 ივნისის მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარლამენტის შენობაზე იყო შტურმი, რაზეც პოლიციას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა

20 ივნისზე არსებობს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა და მასში აღნიშნულია, რომ იმ საღამოს პარლამენტის შენობაზე იყო შტურმი და ამაზე პოლიციას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტები ცდილობენ, მოსახლეობას თვალში ნაცარი შეაყარონ.

„ეს კიდევ ერთი საკითხია, სადაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, მოსახლეობას თვალში ნაცარი შეაყარონ. 20 ივნისის ღამეს პროცესებს ყველა თვალს ვადევნებდით, ტელევიზიით თუ სხვანაირად. ყველას გვახსოვს, როგორ გამოჰყავდათ პოლიციელები დემონსტრანტებს, ჩაფხუტებს, ფარებს, ხელკეტებს როგორ ართმევდნენ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენი თვალით ვნახეთ? პოლიციელების მიმართ რამდენიმესაათიანი შეტევა მიმდინარეობდა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ადამიანურადაც ვფიქრობ, რომ შეფასება ცალსახაა. რაც შეეხება ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევებს პოლიციის ქმედებებში, იცით, რომ სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარეობს და რამდენიმე პოლიციელი არის ბრალდებული. სახელმწიფოს რეაქცია, როგორც 20 ივნისს, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხითაც იყო ადეკვატური, მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა როგორც აქციის ცალკეული წარმომადგენლების, ასევე პოლიციელების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.