შალვა პაპუაშვილი - 1991 წლის 31 მარტს ოსებისა და აფხაზების სრულმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, რაც იყო ისტორიული მოვლენა
შალვა პაპუაშვილი - 1991 წლის 31 მარტს ოსებისა და აფხაზების სრულმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, რაც იყო ისტორიული მოვლენა

1991 წლის 31 მარტს ოსებისა და აფხაზების სრულმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო ისტორიული მოვლენა, როდესაც ჩვენი მამები და დედები შეთანხმდნენ, რომ იცხოვრებდნენ ერთიან და თავისუფალ საქართველოში. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორია წარმოაჩენს, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც ერთიანობით ვერ დავძლევთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ღირებულებები უნდა გახდეს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ისტორიული შერიგების ქვაკუთხედი.

მისი თქმით, ერთიანობისა და საერთო მშვიდობის გარდა, სხვა არჩევანი არ არსებობს.

„დღეს განსაკუთრებულად უნდა გვახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია და ყველას უნდა გვქონდეს გაზიარებული პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა, სამართლიანობა და კეთილდღეობა. სწორედ ეს ღირებულებები უნდა გახდეს ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ისტორიული შერიგებისა და მომავალი თანაცხოვრების ქვაკუთხედი. ჩვენო აფხაზებო და ჩვენო ოსებო, ჩვენო ძმებო და დებო, არცთუ ისე შორეულ წარსულში, 1991 წლის 31 მარტს ოსებისა და აფხაზების სრულმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო ისტორიული მოვლენა, როდესაც ჩვენი მამები და დედები შეთანხმდნენ, რომ იცხოვრებდნენ ერთიან და თავისუფალ საქართველოში. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წარუშლელი ისტორიაა.

სამწუხაროდ, გარე ძალების ხელშეწყობითა და ჩვენი შეცდომებით, ეს შეთანხმება დაირღვა და ვერ განხორციელდა. დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ, ჩვენი ერთიანობისა და საერთო მშვიდობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, შორს არ არის ის დღე, როდესაც შედგება ისტორიული შერიგება საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ამ ერთიანობის სულისკვეთებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.