შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ოპოზიცია თინეიჯერული ასაკიდან ვერ გამოვიდა, წააგებენ არჩევნებს და მერე ისევ არჩევნებს ითხოვენ
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ოპოზიცია თინეიჯერული ასაკიდან ვერ გამოვიდა, წააგებენ არჩევნებს და მერე ისევ არჩევნებს ითხოვენ

19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ რაიმე ვალდებულება არ აქვს კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება და პოლიტიკურ ძალებს შორის სრული თანხმობა უნდა იყოს.

„ოპოზიციას საკმაოდ საინტერესო მიდგომები აქვს, რადგან ერთი მხრივ, საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს მიაბეს, გამოაცხადეს რეფერენდუმად და წააგეს, მაგრამ არ ეშვებიან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარს. საკონსტიტუციო ცვლილების პროცესს 113 ხმა სჭირდება და სრული თანხმობა უნდა იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის, მაგრამ სრული თანხმობის პროცესი სურთ გამოიყენონ დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, რათა შემდეგ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვონ. საკვირველია, რომ ამას საჯაროდაც კი ამბობენ და ამაზე საუბარს არ ერიდებიან. თუ მათ სურთ, თანხმობას მიაღწიონ, რათა შემდეგ გამოიწვიონ უთანხმოება, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ.

მათ რიგგარეშე არჩევნები სურდათ და ამაზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა. ბავშვური კაპრიზი ხომ არ არის, რომ არჩევნების წაგების შემდეგ იძახო, რიგგარეშე არჩევნები მინდაო? ეს არის ბავშვური კაპრიზი. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიცია თინეიჯერული ასაკიდან ვერ გამოვიდა, რადგან ერთსა და იმავეს ითხოვენ – არჩევნებს, შემდეგ აგებენ და ისევ არჩევნებს ითხოვენ. 2024 წლამდე არანაირი არჩევნები დაგეგმილი არ არის და ამისთვის მოემზადონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი