შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი იყო არა ხალხთან, არამედ ხალხში, ხალხთან იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც მათ მოუტანა კანდიდატის სტატუსი
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი იყო არა ხალხთან, არამედ ხალხში, ხალხთან იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც მათ მოუტანა კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი იყო ხალხში და არა ხალხთან, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, 15 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი საზეიმო კონცერტზე იმყოფებოდა, თუმცა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.

პაპუაშვილის თქმით, ხალხთან იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც მოქალაქეებს მოუტანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„საუბარი იყო, თითქოს სალომე ზურაბიშვილი იყო ხალხთან და ხელისუფლება არ იყო. სინამდვილეში, ხალხთან იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ხალხს მოუტანა კანდიდატის სტატუსი, ხოლო ქალბატონი სალომე ხალხთან კი არ იყო, ხალხში იყო. ხალხში ის ნამდვილად იყო, მაგრამ ხალხთან ის არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ღვთისა და ერის წინაშე დადებული ფიცი დაარღვია, რაც დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. როდესაც ადამიანი არღვევს მის მიერ დადებულ ფიცს, არღვევს კონსტიტუციას, განზრახ და უხეშად, თავისთავად ამით აყენებს თავის თავს ხალხის მიღმა. ამიტომ ქალბატონმა სალომემ თავადვე ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში იმით, რომ დაარღვია კონსტიტუცია. კონსტიტუციური განაჩენი მის წინააღმდეგ გამოტანილია უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით. მათ შორის მისი ეს ქცევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთლიანად მომართულია, რამენაირად განხეთქილებები შეიტანოს საზოგადობაში და ცუდ სურათში, ცუდი მხრივ წარმოაჩინოს საკუთარი ქვეყანა. ხელისუფლება ზოგიერთი აჟიტირებული ოპოზიციონერისგან იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრული და არა იმპულსური. თანმიმდევრობა გულისხმობს, რომ ქალბატონმა სალომემ დაარღვია პრეზიდენტის ფიცი, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ეს დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. რაც მთავარია, აცხადებს, რომ კვლავაც დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომ ადამიანი, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ვერ იქნება ხალხთან ერთად, რომლის კონსტიტუციაც ეს არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.