შალვა პაპუაშვილი - 12 პუნქტის შესრულების პროცესი ყველამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველო წინ წავწიოთ ევროპაში ინტეგრაციისთვის
შალვა პაპუაშვილი - 12 პუნქტის შესრულების პროცესი ყველამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველო წინ წავწიოთ ევროპაში ინტეგრაციისთვის

12 პუნქტის შესრულების პროცესი ყველამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველო წინ წავწიოთ ევროპაში ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„12 პუნქტში არის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია, მათ შორის, საერთო შეთანხმებით იქნას მიღწეული. მაგალითად, რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, აქ იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც საბოლოო ჯამში გავიარეთ, ეუთო-ოდირის დასკვნების დარჩენილი პუნქტები რაც იყო, ასახულია და ეს წინ წაწევს ჩვენს საარჩევნო სისტემას. სასამართლო რეფორმაზე ჯერ კიდევ მიდის მსჯელობა და ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგი. დღეს, ამ 12 პუნქტიდან მე-11 შევასრულეთ კიდეც, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიურ გამოყენებას ეხება. ეს საკითხი ასე ვთქვათ, უკვე შეგვიძლია, გავამწვანოთ, რომ 12-დან ერთ-ერთი პუნქტი შესრულებულია. საერთო ჯამში, ვფიქრობ, ეს პროცესი ყველამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველო წინ წავწიოთ ევროპაში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, თავის დროზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა სამართლიანი გადაწყვეტილება არ იყო და იმ მოცემულობაში სტატუსი საქართველოსაც ეკუთვნოდა, თუმცა გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, მაშინ ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, მაგრამ ბევრია, ვინც ნანობს, რომ თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

„გვახსოვს, მათ შორის, შიდა პოლიტიკური ძალების მხრიდანაც როგორი მცდელობები იყო, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ, ვინაიდან გარკვეულწილად, ეს გულისხმობს ხელისუფლების გაძლიერებასაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ალბათ, ცოტაა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში არსებული ყველა რეგულაციით კმაყოფილია, მაგრამ სახელმწიფოებს შორის გარკვეული კომპრომისები არსებობს.

„ევროკავშირი ალბათ, ამითაც არის მომხიბვლელი, რომ იქ არ არის რომელიმე ქვეყნის დომინირება, არის ქვეყნებს შორის კომპრომისები და გარკვეული დათმობები. ამა თუ იმ რეგულაციით შეიძლება, ყველა ბედნიერი არ იყოს, მაგრამ საერთო სიკეთისთვის, რომელიც კარგია, არის გარკვეული დათმობები. ამას გვაჩვენებს საბოლოო ჯამში ევროპა, როგორც მშვიდობის და ეკონომიკური კეთილდღეობის პროექტი, რომ საბოლოო ჯამში, საერთო კეთილდღეობისთვის და მშვიდობისთვის ეს გზა არის ყველაზე სწორი გზა. ამიტომ, ამ გზაზე იქნება დათმობები და იქნება რეგულაციები, რომლებზეც ხანდახან, თვითონ ევროპელებიც ხუმრობენ ხოლმე, მაგრამ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ დღევანდელ ეპოქაში ევროკავშირი არის ყველაზე პროგრესული, ყველაზე მშვიდობიანი, ყველაზე ეკონომიკურად წარმატებული პროექტი და სწორედ ამ პროექტის და სივრცის ნაწილი გვინდა, ვიყოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.