შალვა პაპუაშვილი - ​ენჯეოსისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში
შალვა პაპუაშვილი - ​ენჯეოსისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი რასაც ამბობს, არის ის, რომ ენჯეოსისტემა თუ კულტურა ყველაზე დიდი ბოროტებაა, რაც კი დასავლეთმა შექმნა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს ჰკითხეს მასკის განცხადებაზე, რომ „ევროპას არასამთავრობო ორგანიზაციები აკონტროლებენ, ეს კი მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს“.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა სწორედ იმიტომ, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის მხარდამჭერისგან მოდის. ამ განცხადებამ ამ საკითხის განხილვას კიდევ ერთი ბიძგი უნდა მისცეს და წერტილი უნდა დაუსვას იმ დამოკიდებულებას, რაც ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროპის ქვეყნები უმცირესობების მთავრობად იქცნენ. წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ და მცდელობა იყო, რომ ვითარება ისე წარმოეჩინათ, თითქოს „ენჯეოები“, რომლებიც მათივე შექმნილი და დაფინანსებული არიან, არიან საზოგადოება. ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ ცდილობდნენ, ხალხი „ენჯეოებით“ ჩაენაცვლებინათ. ისინი არც არავის მიერ არიან არჩეული, ლეგიტიმირებული და არც არავის წარმოადგენენ. ოცკაციანი „ისფედი“, 30-კაციანი „გამჭვირვალობა“ თუ 50-კაციანი „საია“, საკუთარი თავისა და დონორის გარდა, არავის წარმოადგენენ. ენჯეოსისტემა თავს მოახვიეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, რადგან მათ ქვეყნებში „ენჯეოების“ ასეთი სისტემა არ არის. ეს ყველაზე დიდი ბოროტებაა, რაც კი დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რადგან ეს იყო მცდელობა, საზოგადოება ჩაენაცვლებინათ მათ მიერ კონტროლირებადი, მათი ინტერესების გამტარებელი მცირე ლობისტური ჯგუფებით. ილონ მასკი ამაზე საუბრობს, როცა ამბობს, რომ დღეს ევროპას „ენჯეო“ მართავს.

ამაზე ვსაუბრობდით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ხმა დღეს ამერიკიდან გაისმა. ის ოპერაცია, რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა, როცა მცდელობა იყო, რომ ხალხი „ენჯეოებით“ ჩაენაცვლებინათ, ეს ოპერაცია საბოლოოდ იქნა მხილებული, მათ შორის, ამერიკის მხრიდან და დაფინანსებაც იმიტომ ჩახსნეს, რომ ეს იყო გამტარებელი სხვა ქვეყნის ინტერესების საზოგადოების საპირწონედ. ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები ტარდება. ასეთი ასოციაციები ან პროფკავშირები, ასეთი სახის წარმომადგენლობა უნდა იყოს. ადვოკატებს თავიანთი წარმომადგენელი ჰყავთ და ვის წარმოადგენენ „ისფედი“ და „თიარი?“ ვხედავთ, ვინც არიან, სად სხედან, რომელ პარლამენტებში აძლევენ ჩვენებას და ვის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მხილებაა. ესტონეთში არიან დარეგისტირებული და იქიდან რომ ალაგებენ შავი ფულის შემოტანის სქემებს, ეს ყველაფერი ამის მხილებაა. ​ილონ მასკი რასაც ამბობს, ის არის, რომ ენჯეოსისტემა თუ კულტურა ყველაზე დიდი ბოროტებაა, რაც კი დასავლეთმა შექმნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.