შალვა პაპუაშვილი - „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგის მიზეზი ის არის, რომ ევროკავშირს „მოლოტოვის კოქტეილთან“ აიგივებენ, მათი გადმოსახედიდან ევროპული ღირებულებაა, ადამიანმა ადამიანს ცეცხლი წაუკიდოს
შალვა პაპუაშვილი - „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგის მიზეზი ის არის, რომ ევროკავშირს „მოლოტოვის კოქტეილთან“ აიგივებენ, მათი გადმოსახედიდან ევროპული ღირებულებაა, ადამიანმა ადამიანს ცეცხლი წაუკიდოს

ხომ თქვეს, რა მოხდა, პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან, უნდა მოითმინოთო. რატომღაც ფრანგი პოლიციელი ამას არ ითმენს, ეტყობა, საფრანგეთის ელჩისთვის ფრანგი პოლიციელი უფრო დასაცავია, ჩვენთვის პირიქით არის, ქართველი პოლიციელი უფრო მეტ დაცვას იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგის მიზეზი ის არის, რომ ევროკავშირს აიგივებენ „მოლოტოვის კოქტეილთან“, მათი გადმოსახედიდან ევროპული ღირებულებაა, ადამიანმა ადამიანის ცეცხლი წაუკიდოს და ის გმირად გამოაცხადონ.

„2023 წელს, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ვიღაცა მოიქცა, თავისი აზრით, ალბათ ევროპულად, რადგან ევროკავშირში ამას ხშირად ვხედავთ. ბოთლში ჩაასხა ბენზინი, წაუკიდა ცეცხლი და ესროლა პოლიციელს, აპირებდა მის ცოცხლად დაწვას. ეს ვიღაც იყო ლაზარე გრიგორიადისი. მაშინ დააკავეს. ეს ჩვენთვის იყო პირველი, თორემ ევროპული თვალისთვის ალბათ ეს პირველი არ იყო. ახლაც ვხედავდით, პსჟ-ის გამარჯვების შემდეგ რა ბრძოლები გაიმართა, ვნახეთ ბრუტალური დარბევა პოლიციის მხრიდან, არც კი აცალეს გახარებულ გულშემატკივრებს, ეზეიმათ ეს გამარჯვება. ვნახეთ 500 ადამიანის დაკავება, რომლებიც გადაიყვანეს საპატიმროებში, ათეულობით ადამიანი კი დაშავდა ამ ბრუტალური დარბევის შედეგად პოლიციის მხრიდან. ეზეიმა ამ ხალხს, რას უშლიდნენ. დაანგრევდნენ პატარა შენობებს, პოლიციის მანქანას დაწვავდნენ და ა.შ. ჩვენთანაც ხომ ასე თქვეს, რა მოხდა, პარლამენტს თუ წვავენ და პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან, უნდა მოითმინოო. რატომღაც ფრანგი პოლიციელი ამას არ ითმენს. ეტყობა, ფრანგი პოლიციელი უფრო დასაცავია საფრანგეთის ელჩის თვალით დანახული, ვიდრე ქართველი პოლიციელი. ჩვენთვის პირიქით არის, ქართველი პოლიციელი უფრო მეტ დაცვას იმსახურებს.

მაშინ ევროკავშირმა დააფინანსა ორგანიზაცია „სირცხვილია“. ამ ორგანიზაციამ აწარმოა კამპანია, რომ კარგი რამ არის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა. მთელი კამპანია იყო: „მე ვისროლე“, რაც ნიშნავდა ერთ რამეს – თუკი მიზანი დიადია, მაშინაც საშუალებაც გამართლებულია და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაც შეიძლება.

ჩამოვიდა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც შემდეგ აღარ აირჩია თავისივე ამომრჩეველმა. ამ დემონსტრაციაზე იქ იდგა პლაკატთან და მხარს უჭერდა. ეს არის ამ „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგის მიზეზი, რომ ევროკავშირს აიგივებენ „მოლოტოვის კოქტეილთან“. იმ ბანერზე „მოლოტოვის კოქტეილი“ იყო ევროკავშირის და უკრაინის ფერებში. ევროკავშირული იდეალი არის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა. არ მოისვენეს, მათ შორის, ევროპელმა პოლიტიკოსებმა თუ ზოგიერთმა ელჩმა, სანამ არ შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისი. ეს არის მათი გადმოსახედიდან ევროპული ღირებულებები, რომ შეიძლება, ადამიანმა ადამიანის დაწვა სცადოს, ცეცხლი წაუკიდოს და გამოაცხადონ გმირად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, „ლაზარე გრიგორიადისის საქმე არის საჩვენებელი საქმე და დადასტურდა მისი ბრალი“.

„ადამიანმა ბენზინი ჩაასხა ბოთლში, ესროლა პოლიციელს და წვავდა. ამას ამართლებდა ევროკავშირი. ამაზე გამაოგნებელი რა შეიძლება იყოს? ზუსტად იმიტომ, რომ გმირად გამოაცხადეს „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი, ევროკავშირის დაფინანსებით და ევროპელი პოლიტიკოსებით მხარდაჭერით შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილს, ზუსტად ამიტომ, რომ 2023 წელს თუ იყო ეს ერთი შემთხვევა, შარშან გახდა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ათი შემთხვევა. ეს არის სინამდვილეში მიზეზშედეგობრივი კავშირი. რადგან ან გაჩუმდნენ, ან მხარი დაუჭირეს, ამით წაახალისეს. ევროაქტივისტები, რომლებიც ძალადობით გამოირჩევიან, წახალისებული არიან. შეუძლიათ, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლონ, შეუძლიათ, მივიდნენ და ლანძღონ, აგინონ, ყველაფერი აკეთონ, რადგან ეს ყველაფერი ყოფილა მათ გადმოსახედიდან ევროპული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში, საზოგადოებაც ატყობს, რომ ხელისუფლება ყოველთვის კონკრეტულზე საუბრობს.

„თუნდაც კრიტიკის მხრივ, კონკრეტულზე ვსაუბრობთ, რომ აი, ევროკავშირიდან ფინანსდება „მოლოტოვის კოქტეილის“ რეკლამის გამწევი ორგანიზაციები, თქვენგან ფინანსდებიან ისინი, ვინც ზიზღს და სიძულვილს თესენ და რას ფიქრობთ ამაზე. ამაზე როდესმე პასუხი გაგიგიათ? კი, მართალია, ფინანსდებიან, თუმცა ასეთი პასუხიც ხომ არ გაგიგიათ? ამის საპირისპიროდ, ყოველთვის არის, რომ ეს არის ანტიევროპული რიტორიკა. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი გაჩუმების მცდელობა. არ ვიცი, თუკი რამე არის არაევროპული და არადასავლური ღირებულების მქონე, არის ზუსტად ეს დამოკიდებულება, რომელსაც ვხედავთ.