შალვა ოგბაიძე – ვცდილობთ, გავასწოროთ სიტუაცია, თბილისი, სავალი ნაწილი და ქუჩები თანაბრად ეკუთვნის ქვეითს, ველოსიპედისტს, საზოგადოებრივ, კერძო და სპეცტრანსპორტს, რაღაცნაირად უნდა გავიყოთ

00:24, 30.09.2026

ჩვენ ვცდილობთ, გავასწოროთ სიტუაცია, ეს ქალაქი, სავალი ნაწილი და ქუჩები თანაბრად ეკუთვნის ქვეითს, ველოსიპედისტს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სპეცტრანსპორტს, კერძო ტრანსპორტს, რაღაცნაირად უნდა გავიყოთ, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დავსვათ კითხვა – რომელია პრიორიტეტი.

„რა თქმა უნდა, ქვეითისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება, რომ უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლოს ტროტუარზე, იყოს ქვეითთა გადასასვლელები, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გეტყვით წინა წლის რიცხვს, რომ 325 მილიონი მგზავრი გვყავს გადაყვანილი, თითქმის ერთი მილიონი დღეში. ეს უფრო მზარდი ტენდენციით ხასიათდება, ამისთვის ჩვენი ნომერ პირველი მოვალეობაა ინფრასტრუქტურა ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და რაც შეიძლება, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, იქნება ეს ავტობუსები, მეტროპოლიტენი, თუ სხვა“, – განაცხადა ოგბაიძემ.

მისი თქმით, გარკვეულ საქმიანობებში ჩართული ადამიანებისთვის ავტომობილით გადაადგილება საარსებო ინსტრუმენტია, მაგრამ მაღალი, პრესტიჟული ღირებულების ავტომობილით როდესაც დღეში, სულ რაღაც, 8-10 კილომეტრის გავლა გინდა და მარტო მგზავრობ, რაღაცას უნდა გადავხედოთ.

„მაგალითისთვის, საბურთალოდან მეტრო სარაჯიშვილამდე, თუ არ ჩათვლით ჩემი სახლიდან მეტროპოლიტენამდე ჩასვლას, 27-28 წუთში მივდივარ მეტროპოლიტენით და იქიდან მერე ჩემი სამსახური, ჩემი ბიურო არის ფეხით ორი წუთის სავალზე. ჩემნაირი მეტალიტეტის ადამიანებიც კი, რომელიც ავტომობილში არ დავბადებულვარ, თორემ ავტომობილში გავიზარდე, ნელ-ნელა უკვე ვიწყებთ ჩვენი ქცევის გადახედვას და ეს შეუქცევადი პროცესია“, – განაცხადა ოგბაიძემ.

შეკითხვაზე, რა იგეგმება უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, შალვა ოგბაიძემ განაცხადა, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, მაგრამ მთლიანობაში და ეს პროცესი დაწყებულია.

„ეს პროცესია, არავინ იცის, სად რა გამოყოფს თავს. ახლა რუსთაველზე არქეოლოგიურ არტეფაქტებს მიაგნეს და თუნდაც რამდენიმე დღე რაღაც კვლევა უნდა ჩატარდეს. ის ცრუ განგაში, რომ მიწისქვეშა გადასასვლელი უნდა გაუქმებულიყო პირველი საშუალო სკოლის წინ, არ აღმოჩნდა სწორი და შენარჩუნებული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ დაზიანებული იყო, გაკეთდება და ტექნოლოგიების უკანასკნელი სიტყვის გამოყენებით გადარჩება“, – აღნიშნა ოგბაიძემ.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირი ტრანზიტულ ფუნქციას თანდათან დაკარგავს.

„მე უკვე წინასწარ ვიცი, ნანახი მაქვს მთლიანობაში ეგ პროექტი და ეს იქნება განახლებული თბილისის სავიზიტო ბარათი, სასწაული სილამაზის ქუჩა გამოგვივა თავისი სიმწვანით და ასე შემდეგ. საკრებულოს წინ კიდევ რაღაც კეთდება და ამას ძალიან მალე ვნახავთ თითოეული ჩვენგანი“, – განაცხადა ოგბაიძემ.

როგორც შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, ქალაქის მასშტაბით ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს, იგეგმება და  მთლიანად როცა გაიმართება ინფრასტრუქტურა, ავტომობილით გადაადგილება არ იქნება მტანჯველი, თუმცა ქუჩებში ავტომობილებით გადაადგილების სიხალვათით 50-იანი წლების ნიშნულს ვერ დავუბრუნდებით.

მსგავსი