შალვა ოგბაიძე - პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე, კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, იყო მერაბიშვილი, მას ხშირად ნახულობდნენ ავტობაზრობის მშენებლობაზე
შალვა ოგბაიძე - პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე, კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, იყო მერაბიშვილი, მას ხშირად ნახულობდნენ ავტობაზრობის მშენებლობაზე

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე შალვა ოგბაიძემ გაიხსენა საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგი პერიოდი, როცა ის საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.

ოგბაიძის თქმით, ვანო მერაბიშვილი იყო პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე, კერძოდ, რუსთავის ავტოდრომთან დაკავშირებით დაიწყო საუბარი.

„პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და, კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე დაიწყო საუბარი, გახლდათ ვანო მერაბიშვილი. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ტელეფონი მომაწოდეს, შენთან უნდათ დალაპარაკებაო. მერაბიშვილმა მითხრა, რომ ამერიკაში იყო და რომ ჩამოვიდოდა, ამ ავტოდრომის თაობაზე უნდა შევხვედროდით. მერაბიშვილი რომ ჩამოვიდა, დამირეკა ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა და დაახლოებით 40 წუთი ვისაუბრეთ. ის ყველანაირად მისაბუთებდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჩვენ დავთმობდით ამ ავტოდრომს. შეხვედრას წინ უძღოდა მაშინდელ გუბერნატორ ზურაბ მელიქიშვილთან შეხვედრა, რომელმაც წამიყვანა, რუსთავის ფუნიკულიორს რასაც ეძახიან, და მითხრა, იქნებ გადავცვალოთ ეს ადგილებიო. არ ვიცოდი, რას აპირებდნენ. როგორც მოგვიანებით გავიგე, იქ კეთდებოდა ავტობაზრობა. თბილისიდან რომ მივდივართ, გზის მარცხენა მხარეს – გიორგი უდესიანი, ხელმარჯვნივ ვანო მერაბიშვილია, რომელიც არ ფიგურირებს, მაგრამ ხშირად მოდიოდა ავტობაზრობის მშენებლობაზე, ხშირად ნახულობდნენ ავტოდრომის მშენებლობაზე, რომელიც შემდეგ გაიყიდა“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.