შალვა ოგბაიძე - იმჟამინდელმა შსს მინისტრმა, გია ბარამიძემ მითხრა, ძალიან ცუდად იყო საქმე და უმჯობესი იყო, თუ გადავდგებოდი, ცხადია, მუქარა მოდიოდა მერაბიშვილისგან, ოქრუაშვილისა და სააკაშვილისგან
გელა ნიკოლეიშვილი მეუბნება, რომ რატი ალექსიძის ავტომობილს, რომელიც უნდა მდგარიყო საჯარიმო მოედანზე, ხშირად ხედავენ ქალაქში, სხვადასხვა ადგილზე. ნახევარ საათში მირეკავს თავად რატი ალექსიძე, ასევე გელა ნიკოლაიშვილი და მეუბნებიან, რომ ეს ავტომობილი იპოვეს მშრალ ხიდზე, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა შალვა ოგბაიძემ, რომელიც 2003-2004 წლებში საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.
ოგბაიძის თქმით, როგორც შეიტყვეს, ავტომობილს ექსპლუატაციას უწევდა გიგი უგულავა.
„2003 წლის დეკემბრის დასაწყისში დავინიშნე იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახელგატეხილი ორგანიზაციის ხელმძღვანელად, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად. ერთ დღეს მირეკავს გელა ნიკოლეიშვილი, ჩვენთვის ცნობილი უფლებადამცველი, და მეუბნება – რატი ალექსიძემ მთხოვა, თქვენთვის მომემართა, რომ მის ავტომობილს, რომელიც უნდა მდგარიყო საჯარიმო მოედანზე, ხშირად ხედავენ ქალაქში, სხვადასხვა ადგილზე. მაშინ რატი, თუ არ ვცდები, კიევის „დინამოში“ თამაშობდა. შემდეგ ვურეკავ პროკურორ მამუკა გვარამიას, რომელიც მეუბნება, რომ ეს ავტომობილი დგას პროკურატურის შენობაში. რა თქმა უნდა, ის იტყუება. შევთანხმდით, რომ ავტომობილი დაკავებაზე უნდა გადაგვეცა და გადავეცით. ნახევარ საათში მირეკავს თავად რატი ალექსიძე, ასევე გელა ნიკოლაიშვილი, და მეუბნებიან, რომ ეს ავტომობილი იპოვეს მშრალ ხიდზე. რატის ვუთხარი, რომ ავტომობილი უნდა წარმოედგინა საგზაო პოლიციაში, რადგან იყო კანონგარეშე და შესაბამისი პროცედურები ჩატარებულიყო. როგორც გადმომცეს, ქალბატონი იჯდა მანქანაში და, თუ არ ვცდები, მძღოლი იყო კობა სუბელიანი. ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ამ ავტომობილს ექსპლუატაციას უწევდა გიგი უგულავა, მაშინდელი უშიშროების მინისტრის მოადგილე. ზუსტად არ მახსოვს თანამდებობა, მაგრამ ჯერ ქალაქის მერი არ იყო. ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო, შავი პიარის აგორება. იმავე საღამოს მიბარებს შინაგან საქმეთა მინისტრი სამინისტროში, მე ვწერ გადადგომის შესახებ განცხადებას. იწყება შავი პიარის აგორება, რაც ყველაზე მძიმე გასამკლავებელია. დამიბარა გია ბარამიძემ. ერთ დღეში მოხდა ყველაფერი. მან მითხრა, რომ ძალიან ცუდად იყო საქმე, იყო ძალიან შეშფოთებული და მომეჩვენა, შეშინებულიც. მიხსენა, რომ აუცილებლად დამიჭერდნენ. თურმე ის ყველანაირად ეცადა მაშინ, არ დავეჭირე. შეხვედრაზე საუბარი იყო, რომ ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ დავწერდი განცხადებას და გადავდგებოდი. მითხრა, რომ უნდა გადავდგე, ვინაიდან ცუდად მექნება საქმე, შეიძლება, დამიჭირონ. ჩვენ როგორღაც უნდა მოვითმინოთ, რეალურად, რეფორმები უნდა დავიწყოთო“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ოგბაიძეს მიმართა: „შინაგან საქმეთა მინისტრი თქვენ გეუბნებათ, რომ თქვენი დაჭერა რომ არ გახდეს საჭირო, უნდა მოვითმინოთო? შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მის მიმართ მოდიოდა ვინმესგან მუქარა. ვისგან მოდიოდა?“ პასუხად ოგბაიძემ აღნიშნა:
„ცხადია. ვინ იყო მაშინდელი გადაწყვეტილების მიმღები წრე? ესენი იყვნენ ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, სააკაშვილი“.