შალვა ოგბაიძე – ჩვენ ვცხოვრობთ ღირებულებების ბრძოლის ეპოქაში, აუცილებლად უნდა იყოს ჩარჩო, ზღვარი, რომლის იქით უკვე კამათი კი არა, შეურაცხყოფა და ღირსების შელახვაა, ეს იყო დასარეგულირებელი

02:18, 15.07.2026

როცა ვაანალიზებთ, რატომ გახდა აქტუალური საერთოდ შეურაცხმყოფელი ქმედების რაღაც გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელსაც ღირებულებების ბრძოლის ეპოქა ჰქვია, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

„რა ღირებულებებია ეს? ვიღაცას ლეგენდა ჰგონია, 100 000-მა ქართველმა ხატზე ფეხი რომ არ დააბიჯა მეტეხის ხიდზე, მათ თავი მოჰკვეთეს. რაღა შორს მივდივართ, აგერ, ჩვენი გმირი ანწუხელიძე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ ფეხი არ დააბეჭდა ქართულ დროშას და არ აღიარა, რომ ეს საქართველოს მიწა არ არის. ენა არ მომიბრუნდება, მას პოლიტიკოსი ვუწოდო, მაგრამ ერთ-ერთი ე.წ. პოლიტიკოსი განსაკუთრებით მაშინ მოიძულა საზოგადოებამ, როდესაც ქართველ გლეხს ღვინო შეაგინა, შენი ღვინო ასე და ისეო. მოგეხსენებათ, ღვინო ქართველისთვის ასოცირდება ქრისტეს სისხლთან. ავიღოთ სიმღერა, როგორ შეიძლება, ქართული სიმღერა, გალობა, ღმერთების საგალობელი რაღაც კაპრიზით გაამართლო, მხედველობაში მაქვს „ოლე-ოლა“. ჩვენ ხშირად გვინახავს ქრონიკები, რომ ვიღაც მოქალაქეები ყოფით ნიადაგზე შელაპარაკდნენ და ერთმა მოკლა მეორე, როდესაც სასამართლო გარჩევა მიდის და ეკითხებიან, რატომ მოკლა, დედა შემაგინაო. ქართველი კაცისთვის დედა, წინაპარი, მიწა, სარწმუნოება არის ის ღირებულებები, რომლებიც, მადლობა უფალს, ჯერჯერობით ვერცერთმა ჩვენმა მტერმა ვერანაირად ვერ ამოშანთა. ამ ყველაფერს ისეთი ფესვები აქვს, რომ ამის შემდგომ ძალიან იოლად არის მანიპულირებადი ლიბერალური ფრთის მიერ, შეგაგინებ, ჩემი ნებაა, ჩემი თავისუფლებაო. არ არის ასე. სხვებზე რომ არ ვისაუბრო, ჩემი საგვარეულოს ისტორია მტერთან ბრძოლის ისტორიაა, ჩემი დიდი წინაპრები, დაწყებული არაგველებიდან და დამთავრებული აგერ, არცერთ ომს ჩემ გარეშე არ ჩაუვლია, ჩემი შვილიც ვეტერანია და ვიღაც ადამიანი, პატარა ლაწირაკი გეუბნება, შენ ხარ რუსის მონაო. წარმოიდგინეთ, მისი მშობლები რიგში იდგნენ წითელ ხიდზე 2008-ში, რომ გაესწროთ აქედან და ისინი ჩვენ გვეუბნებიან რუსის მონას, ეს ძალიან ძნელად ასატანია. იგივე ამ „ოლა-ოლას“ ვინც მღერის, მე არ ვახალისებ ძალადობას, მაგრამ ნურავის ნუ მოვთხოვთ თმენის ვალდებულების თუ უნარების ისეთი მაღალი სტანდარტი ჰქონდეს, ქუჩაში რომ შეხვდეს, კარგი ალიყური არ უბოძოს. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტებიც გვაქვს. ანუ, ეს აუცილებლად დასარეგულირებელი იყო; აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომ ჩემი მუშტის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ჩემ წინ მდგომი ადამიანის ცხვირი იწყება. არ შეიძლება იმ რაღაც ჩარჩოს გადალახვა, თორემ მერე უბედურება მოსდევს ამას“, – განაცხადა ოგბაიძემ.

მისი თქმით, როდესაც წითელზე გაივლი, ადმინისტრირება ხდება, რადგან შენ, შეიძლება, ამ წითელზე გავლით ადამიანი გაიტანო, რაღაც უბედურება, საგზაო ინციდენტი მოაწყო.

„ამიტომ აუცილებლად საჭიროა, გეშინოდეს კანონის, რომ მოხდება ადმინისტრირება, ასევე,  აღვირახსნილ შეურაცხყოფას მოჰყვება ადმინისტრირება. მე იმ თაობის ადამიანს წარმოვადგენ, როდესაც ვერ წარმომედგინა ქალის თანდასწრებით შეგინება, ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი და ქალის თანდასწრებით „ოლე-ოლეს“ სიმღერა ჩემთვის იწვევს გაკვირვებას. „ფეისბუქში“ რაღაც მოსაზრების გამოთქმა გინდა? გამოთქვი უწყინარად აზრი, ხომ? აუცილებლად უნდა იყოს სადღაც რაღაც ჩარჩო, სამზღვარი უნდა დაედოს აუცილებლად, რომლის იქით უკვე კამათი კი არ არის, შეურაცხყოფაა და ღირსების შელახვა. რაღაცნაირად ეს უნდა მოექცეს ჩარჩოში და მე მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი სწორია. დანარჩენზე ვიდავოთ, რამდენად მკაცრია, რამდენად არ არის მკაცრი, რამე უნდა დავუმატოთ, რაღაც სხვა რეგულაცია, რაღაცნაირად მოდიფიცირება უნდა გავაკეთოთ თუ ასე შემდეგ“, – განაცხადა ოგბაიძემ.

მისივე თქმით, როცა ერთი ადამიანი მეორეს შეურაცხყოფას მიაყენებს, ქართულში უამრავი სიტყვაა, მომიტევე, უკაცრავად, მაპატიე და ასე შემდეგ, რითაც კონფლიქტი ამოიწურება და დამთავრდება, მაგრამ ეს თუ არ მოხდა და ადამიანი ბოდიშს არ იხდის, ვიღაც მართლა უზრდელი ადამიანია და დაჯარიმდება.

„ეს თუ არ მოხდება, თქვენ დათრგუნული ივლით, თქვენ მორალურად ხართ დამცირებული და ყოველი დღე თქვენთვის არის სატანჯველი, როცა გაიხსენებთ, მართლა ტანჯვას გაყენებთ ის ნათქვამი“, – განაცხადა ოგბაიძემ.

ამასთან, ოგბაიძემ აღნიშნა, რომ საჯარო სივრცეებში სიგარეტის მოწევის აკრძალვაც სწორი რეგულაცია იყო, რამაც შედეგი მოიტანა.

„ერთ მაგალითს გავიხსენებ, არცთუ ისე შორეულ წარსულში აიკრძალა სიგარეტის მოწვევა საჯარო სივრცეებში და, ერთი შეხედვით, არის თუ არა ეს ადამიანის უფლების შეზღუდვა? შეიზღუდა ხომ? მე ვთვლი, რომ გაიზარდა რისკი ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მოშლის იმ მოწეული სიგარეტით დახურულ სივრცეში, სწორედ ამიტომ იყო მიღებული ეს რეგულაცია. ასეთი მაგალითი ბევრია, რეკლამები აიკრძალა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ალკოჰოლის მოხმარებაზე ცენზია დაწესებული და ა.შ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარკვეული რეგულაცია საჭირო იყო, ასეთ სივრცეებში სიგარეტის მოხმარებაც შემცირდა და გასუფთავდა სივრცე. ამისთვის განათლების რაღაც ის ნაწილი უნდა გააქტიურდეს, რომელიც ბავშვს პატარაობიდან ასწავლის, კარგი და ცუდი რა არის, რომ ბავშვისთვის არ იყოს ორგანული სკაბრეზით საუბარი. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება. მეორე, ხომ მომრავლდა, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია გვაქვს, სადაც სიტყვა დემოკრატია და ევროპული რაღაცები ურევია და სწორედაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა ცალკე იმუშაონ, რომ ეს არის ცუდი მოვლენა ჩვენი საზოგადოებისათვის. აღარაფერს ვამბობ ქართულ ეკლესიაზე, რომელიც ამას აღიქვამს ძალიან დიდ ცოდვად და, სხვათა შორის, მორწმუნე ადამიანები ყველაზე ნაკლებად იგინებიან. დამოკიდებულება ქართული ეკლესიისა ყველამ კარგად იცის, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვას. მოკლედ, სამუშაო ძალიან ბევრია, პირველი ნაბიჯები გადადგმულია და შემცირება დაწყებულია, ყოველ შემთხვევაში, რასაც შეუიარაღებელი თვალით ვუყურებთ და დანარჩენი კიდევ, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს მივხედოთ, როგორც კი ქუჩაში გაგონილ ამ სიტყვას სახლში მოიტანს, ვუთხრათ, რომ ეს არის ცუდი და ეს არის კარგი, არ დავიზაროთ და აუცილებლად მივიღებთ შედეგს“, – განაცხადა ოგბაიძემ.

მსგავსი