შალვა ნათელაშვილი - ყველას გვექნება თანაბარი აწმყო და ბედნიერი მომავალი, თუ ჩვენს ძალებს გავაერთიანებთ
შალვა ნათელაშვილი - ყველას გვექნება თანაბარი აწმყო და ბედნიერი მომავალი, თუ ჩვენს ძალებს გავაერთიანებთ

ყველას გვექნება თანაბარი აწმყო და ბედნიერი მომავალი, თუ ჩვენს ძალებს გავაერთიანებთ, – ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

სასტუმრო „მუზეუმში“ შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგნელებს, რომლებიც ძირითადად სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მუშაობენ, შალვა ნათელაშვილმა პროგრამული პრიორიტეტები გააცნო.

როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, შეიქმნება ეროვნებათა საბჭო, რომელიც ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული გაერთიანება იქნება.

„საბჭო გარკვეული პერიოდულობით განიხილავს ყველა იმ აქტუალურ, მომწიფებულ პრობლემას, რაც ამ მიმართულებებს უკავშირდება, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ მთავარი აქცენტებიდან. ქართველს, აზერბაიჯანელს, სომეხს, ებრაელს, რუსს ებრაელს, აფხაზს, ოსს, უკრაინელს, პირველ რიგში, სჭირდებათ ადამიანური პირობები ცხოვრების, არსებობის, მუშაობის, განვითარების, შვილების გაზრდისთვის, რაც ამ ხელისუფლებამ წაგვართვა. ეს ყველამ ერთად უნდა დავიბრუნოთ”, -აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ფორმატში შეხვდა. ამ შეხვედრის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვებიც დაესვათ.