შალვა ნათელაშვილი – ტრამპი სიმპატიებს არ მალავს პუტინისადმი, მიმაჩნია, რომ აშშ-ს უფრო კენედის, რეიგანის და რუზველტისნაირი პრეზიდენტი უნდა აწყობდეს
უილსონს და სხვა მეგობრებს, რომლებიც გვერდით გვიდგანან, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება ეკუთვნით და როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, მოვა ახალი პრეზიდენტი, ვისაც ხელმოწერის პრეროგატივა აქვს, მათ ეს წოდება უნდა მიენიჭოთ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„რაც შეეხება ტრამპს, მე ჩემი ხედვა მაქვს და არც ეს მათთვის არ დამიმალავს. მიმაჩნია, რომ ამერიკას, როგორც მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოს, უფრო კენედის, რეიგანის და რუზველტისნაირი პრეზიდენტი უნდა აწყობდეს, მაგრამ ეს ამერიკელი ამომრჩევლის გემოვნებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შერბილებულია თუ არა მისი განცხადებები დონალდ ტრამპის მიმართ, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ამერიკაში პუტინის ლობისტს უწოდებდა, ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მისი განცხადებები არ არის შერბილებული, რადგან მიაჩნია, რომ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტობისთვის მსუბუქია და უფრო მძიმე უნდა იყოს.
„მე ჩემს განცხადებებზე არასდროს უარი არ მითქვამს, რასაც ვამბობდი, იმ წუთში მე მწამდა, რომ ასე იყო და სწორი იყო“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავის დაქირავებულ აქტივს არწმუნებდა, რომ ტრამპი მოვიდოდა და გადარჩებოდნენ.
„ტრამპი სიმპატიებს არ მალავს პუტინისადმი, მის დღევანდელ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ დიდი სიმპატიები აქვს რუსეთის და პუტინის მიმართ. ეს მისი უფლებაა“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ტრამპს პუტინის პროექტად მიიჩნევს თუ არა, ნათელაშვილმა თქვა, რომ არ მიიჩნევს.
„არა, ტრამპს პუტინის პროექტად არ მივიჩნევ, მაგრამ რაღაც საკითხებში, წინა პრეზიდენტობის დროს, პუტინის და ტრამპის ინტერესები, ალბათ შემთხვევით, ემთხვეოდა, თუ არ ემთხვეოდა. არა, მე კი არ მივიჩნევდი, ამაზე საგამოძიებო კომისიები იყო შექმნილი ამერიკაში და იძიებდნენ ამ საქმეებს კონგრესში და, მათ შორის, გამოძიების ფედერალურ ბიუროში. საქმეები იყო ამაზე აღძრული და ტრამპის გარემოცვა დაიჭირეს პუტინთან და რუსეთთან კონტაქტების გამო“, – განაცხადა ნათელაშვილმა.