შალვა ნათელაშვილი - სჯობს, 2012 წლამდე ისტორიულ ექსკურსებს თავი დავანებოთ, რადგან 2012 წლის შემდეგ რაც მოხდა, ყველაზე დიდ საშინელებას წარმოადგენს ჩვენი ერის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში
შალვა ნათელაშვილი - სჯობს, 2012 წლამდე ისტორიულ ექსკურსებს თავი დავანებოთ, რადგან 2012 წლის შემდეგ რაც მოხდა, ყველაზე დიდ საშინელებას წარმოადგენს ჩვენი ერის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში

სჯობს, 2012 წლამდე ისტორიულ ექსკურსებს თავი დავანებოთ, რადგან ის, რაც 2012 წლის შემდეგ მოხდა, ყველაზე დიდ საშინელებას წარმოადგენს ჩვენი ერის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლოსთან დაკავშირებით დღევანდელ განცხადებას.

„რაც შეეხება პროკურატურასა და სასამართლოს, ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოს სამართალდამცავ სტრუქტურებს არ ახსოვთ, რომ ოდესმე გენერალური პროკურორი ყოფილიყოს ბოტასების ჩვეულებრივი ქურდი და შემდგომ პროკურორობით მილიარდერად გადაქცეული. არავის ახსოვს ისეთი გაუგებარი არსება, ხელითსამართავი ბიჭუნა ყოფილიყოს გენერალური პროკურორი. ჩვენ შეიძლება, ვთქვათ, რომ საქართველოს პროკურორი, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე, უმაღლესი ქურუმი, უმთავრესი ბიზნესმენი, ბედის გადამწყვეტი, ლექსო ლაშქარავას მკვლელი, ბავშვების თვალების დამთხრელი არის პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ მისი მოგუდვით უნდა დავიწყოთ პოლიტიკური პროცესის განმუხტვა. ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მოძალადე რეჟიმისთვის არის ჩვეულებრივი სტატისტიკა. ჩვენთვის ეს მკვლელობა არის უდიდესი პიროვნული, ეროვნული და საზოგადოებრივი ტრაგედია. ამ გრძნობას ივანიშვილ-ღარიბაშვილები ვერასდროს გაითავისებენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, შალვა ნათელაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებებთან დაკავშირებით.

„მსოფლიო თანამეგობრობისთვის უფრო მისაღები ხდება „ლეიბორისტულ პარტიაში“ ცხრა წლის წინ წამოყენებული კონცეფცია ოლიგარქიული რეჟიმის სანქცირებაზე, რის გარეშეც ამ ბანდის ორგანიზებულ დამნაშავეთა მოცილება ძალიან რთულია და უკავშირდება სამოქალაქო დაპირისპირების პერსპექტივას. დღეს უკვე აშშ-დან, ევროპიდან დიპლომატიურ რანგში ისმის განცხადებები სანქციათა ამუშავების თაობაზე. აქ ძალიან კონკრეტული მიდგომაა საჭირო და სანქცირება უნდა დაიწყოს აღიარებული საერთაშორისო ბოროტმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის პერსონიდან, რადგან სწორედ ის გახლავთ ქართული სახელმწიფოს შესყიდვისა და შემდეგ კრემლზე გადაყიდვის მთავარი ორგანიზატორი, ძალადობის მამა. სწორედ ის გახლავთ მოლდოვასა და აფხაზეთში სისხლიანი ომის სპონსორი გენერალ ლებედის საშუალებით და სწორედ მის სინდისზეა ანგოლაში სამოქალაქო ომისას დაღუპული ერთი მილიონი ადამიანი. სანქციებისთვის მეტი საფუძველი არც აშშ-სა და არც ევროკავშირს არ შეიძლება, ვინმეზე ჰქონდეს თანამედროვე რუს ოლიგარქებს შორის, რომლებიც სანქცირებული არიან.

ჩვენ ვამზადებთ ახალ, განახლებულ პაკეტს კრიმინალური პორტფელისა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და უახლოეს დღეებში წარვუდგენთ შეერთებული შტატების მთავრობასა და ევროპის კავშირს. დარწმუნებული ვარ, სანქციათა მექანიზმის ამუშავება იქნება ჯაჭვური რეაქცია, რომ შემდგომ ეს გავრცელდეს პარლამენტში შემოსკუპებულ 50-მდე მილიონერ ვაიდეპუტატზე, რომლებიც ამ სისხლიან რეჟიმს აკანონებენ. ამის შემდგომ იმ პოლიტიკურ დამნაშავე ლიდერებზე, რომელთა განცხადებები ყოველდღიურად აღაშფოთებს ქართულ და მსოფლიო თანამეგობრობას. მოგეხსენებათ, ყველა რუსი ოლიგარქი არის გლობალურ სანქციებში მოქცეული ევროკავშირისა და აშშ მხრიდან. თავის დროზე რომ დაეჯერებინათ ჩვენთვის ამერიკელ მეგობრებს, რომ რუს ოლიგარქთან სალაპარაკო ენა მხოლოდ სანქციებია და ყოველგვარი ენის მოჩლექვა, დიპლომატიურობა, ოპოზიციის პარლამენტში შეყრა იყო უაღრესად მცდარი გზა, ჩვენ ამის თაობაზე ყველას ვაფრთხილებდით, მაგრამ გვიან​ დაგვიჯერეს, როცა ურემი გადაბრუნდა ან გადაბრუნების პირას იყო“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.

ამასთან, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღრმადაა შეწუხებული საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.

თავის მხრივ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობის განცხადებები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რაც ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.

დატოვე კომენტარი