შალვა ნათელაშვილი - შარლ მიშელმა რთული მისია იკისრა, ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე მოლაპარაკების მაგიდას არ მივუჯდები
შალვა ნათელაშვილი - შარლ მიშელმა რთული მისია იკისრა, ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე მოლაპარაკების მაგიდას არ მივუჯდები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რთული მისია იკისრა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური ვითარება საქართველოში უკიდურესად დაძაბულია და მისი განმუხტვა სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ევროპული ინტერესებისთვის.

„მინდა, მადლობა მოვახსენო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. რთული მისია იკისრა. პოლიტიკური ვითარება საქართველოში უკიდურესად დაძაბულია და მისი განმუხტვა სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ევროპული ინტერესებისთვის. ჩვენი, ოპოზიციის მოთხოვნა ემთხვევა ხალხის გულის ნადებს, ახალი არჩევნები დაუყოვნებლივ, ნიკა მელიასა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. მე კიდევ დავამატებ მოთხოვნებს, რომ შედეგების მიუხედავად, ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს დაედოს სანქციები გარდაუვლად, რომ მის მიერ მოპარული, ჩვენგან წაღებული მილიარდები დაუბრუნდეს ჩვენს ოჯახებს. მოლაპარაკებიდან სამარცხვინოდ გაიქცა ივანიშვილი და ქოცები, ჩვენ არსად გავქცეულვართ. დაიწყეს რეპრესიები, დაჭერები, დევნა. ეგონათ, შეაშინებდნენ ოპოზიციას და ქართველ ხალხს გახდიდნენ მორჩილს და იბატონებდნენ იმდენი ხანი, რამდენი ხანიც მათ ინტერესებში შედიოდა. აღნიშნული ჩაუფლავდათ, საკუთარი მომავალიც მალე ჩაუფლავდებათ, ისეთ ქმედებები ჩაიდინეს. მოლაპარაკების მაგიდიდან გაიქცა ივანიშვილი და არა ჩვენ. არავითარი მოლაპარაკება ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე. მე პირადად არავითარ მოლაპარაკების მაგიდას არ მივუჯდები, ვიდრე ჩემი კოლეგა ციხიდან არ გათავისუფლდება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.