შალვა ნათელაშვილი - საქართველოში უნდა გაიხსნას აშშ-ს სამხედრო ბაზა, თუნდაც მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით
შალვა ნათელაშვილი - საქართველოში უნდა გაიხსნას აშშ-ს სამხედრო ბაზა, თუნდაც მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით

საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა, თუნდაც მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინმა მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ ქართულ სახელმწიფო ისტორიულად არ არსებობდა და მომავალშიც არ აქვს უფლება აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

„ეს არის ყველაზე საშიში განცხადება, რაც კი ოდესმე ჩვენდამი მტრულად განწყობილი რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს გაუკეთებია. იმისათვის, რომ ეს რეალური საფრთხე თავიდან ავირიდოთ, აუცილებელია, ორი რამ, პირველი – მთელ მსოფლიოს ვაღიარებინოთ, რომ ვართ ისტორიული დევნისა და გენოციდის მსხვერპლი ერი სახელმწიფო და მეორე – საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა, თუნდაც მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით. სხვა შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს არსებობა დგას ოფიციალური საფრთხის წინაშე და პრეზიდენტ პუტინს შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ, მაგრამ ის სულელი და უჭკუო პოლიტიკოსი ნამდვილად არ არის, მან იცის სად ლაპარაკობს, რას ლაპარაკობს და როდის ლაპარაკობს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.