შალვა ნათელაშვილი - საპროტესტო საგაზაფხულო ხომალდი იძვრება
შალვა ნათელაშვილი - საპროტესტო საგაზაფხულო ხომალდი იძვრება

25 თებერვალს ყველას გელოდებით დიდ პოლიტიკურ მანიფესტაციაზე, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი ოკუპაციის წინააღმდეგ, უნდა დავამსხვრიოთ ოკუპაციური პოლიტიკური სისტემის, სიღატაკის, ჩაგვრის ბორკილები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტში საქართველოს ყველა მოქალაქე ჩაერთვება და აღნიშნა, რომ გაზაფხული გახდება ისტორიული ეტაპი იმ მიზნისთვის, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.

„საპროტესტო საგაზაფხულო ხომალდი იძვრება. 25 თებერვალს ყველას გელოდებით დიდ პოლიტიკურ მანიფესტაციაზე, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი ოკუპაციის წინააღმდეგ. იმ ოკუპაციისა, რომელიც არ დასრულებულა საუკუნის შემდეგაც და ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ ოკუპაციური პოლიტიკური სისტემის, ოკუპაციური სოციალური რეჟიმის, სიღატაკის, ჩაგვრის ბორკილები. შიდა და გარე ოკუპანტი არანაირ განსხვავებაში არ არის ხალხის ტანჯვასთან, ორივე თანაბარი უბედურებაა. მით უმეტეს, რომ დღეს განმეორდა 21 წელი მინი ვარიანტში, 20 პროცენტი ოფიციალურად ოკუპირებულია, ხოლო პუტინის გამოგზავნილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს პოლიტიკურ უზურპატორს ჩვენი სისტემის, ჩვენი ცხოვრების წამრთმევსა და ჩვენი მომავლის მიმტაცებელს. ჩვენ ეს ხუნდები უნდა დავამსხვრიოთ და გაზაფხული გახდება ისტორიული ეტაპი იმ მიზნისთვის, რომელიც ითვალისწინებს ხელისუფლების გაშვებას მოუსავლეთში და ახალი არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულს, შემდგომ კოალიციური, მრავალპარტიული მთავრობით, რაც გახდება ჩვენი რეალური, ნამდვილი, პოლიტიკური გაზაფხულის დასაწყისი. ეს არ იქნება ერთი პროტესტი, პროტესტის ტალღა აგორდება ცენტრშიც, რეგიონებშიც, თემატურიც, გლობალურიც, პრობლემურიც და პროტესტში ჩაერთვება მოსახლეობის ყველა ფენა, ყველა ოჯახი, ყველა მოქალაქე. ჩვენ შეიძლება, გამარჯვებას მივაღწიოთ მხოლოდ ერთად დგომით, ერთად ბრძოლით და გამარჯვებაც იქნება საერთო“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.