შალვა ნათელაშვილი - საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „ნაცებმაც“, ხაზარაძემაც, გახარიამაც აიღეს დაფინანსება და ეს ნიშნავს, რომ აღიარებ საპარლამენტო არჩევნების შედეგს
შალვა ნათელაშვილი - საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „ნაცებმაც“, ხაზარაძემაც, გახარიამაც აიღეს დაფინანსება და ეს ნიშნავს, რომ აღიარებ საპარლამენტო არჩევნების შედეგს

„ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობის 90% არა მარტო ქართული პოლიტიკის, არამედ მსოფლიო პოლიტიკის რადარებზე უკვე 30 წელია და სანქცირების პროცესი, რაც ახლა დაიწყო ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ, ჩვენ მიერ არის საძირკველჩაყრილი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ამაზე ახლა არავინ დავობს, კონგრესის ოქმებშია შეტანილი ჯო უილსონის მიერ 4 ივნისს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ დაწყებულია ეს სანქცირება. ანუ, ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით თავის დროზე და არავის სერიოზულად არ მიაჩნდა, დღეს გახდა მსოფლიო გეოპოლიტიკის საფუძველი. ამ ფონზე, ჩვენი საქმიანობის 10% რომ შუქდება საზოგადოებრივ არხზე, რომელიც ვალდებულია, აშუქებდეს წამყვანი პოლიტიკური სუბიექტების 50%-ს, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს ჰკითხა, ხმამაღალი ხომ არ არის მისი განცხადება, რომ „ლეიბორისტული პარტია“ წამყვანი პოლიტიკური ძალაა, მაშინ როცა პარტიამ ბოლო არჩევნებზე ხმების – 0,8%, წინა არჩევნებზე კი 1% მიიღო, რაზეც ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო აცხადებს და დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი წერს იმ პროცენტს, რაც სურს და რასაც კრემლი და პუტინი უბრძანებს.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად თანმიმდევრულია „ლეიბორისტული პარტია“ იმ ფონზე, როცა პირადად ის ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც შემდგომში ფანჩატურში მიიწვია, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ სწორადაც იქცეოდა, რადგან ბოლოს გამოჩნდა, რომ ისინი მისი ფანჩატურიდან გაიქცნენ, პარლამენტში შევარდნენ, ივანიშვილს არსებობა გაუხანგრძლივეს და მისი მოცილება მთელი მსოფლიოს პრობლემად გადაიქცა.

„ახლაც ამ პარტიებმა, რომლებიც მაშინ პარლამენტში გაიქცნენ, აიღეს დაფინანსება საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „ნაცებმაც“, ხაზარაძემაც, გახარიამაც, და დაფინანსების აღება ნიშნავს, რომ შენ აღიარებ საპარლამენტო არჩევნების შედეგს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეკითხვაზე, როდესაც დაფინანსების მიღებაზე მიუთითებს, შეუძლიათ თუ არა, ოპოზიციის ლიდერებმა მას შეახსენონ 2008 წლის ისტორია, როდესაც „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტი გამოაცხადა და მანდატებზე უარი თქვა, თუმცა ოთხი წლის განმავლობაში ხელფასებს იღებდა, ნათელაშვილმა განაცხადა: „მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში ის პარტიები, რომლებიც ფანჩატურიდან პარლამენტში შევარდნენ, ბოიკოტზე იყვნენ ნახევარზე მეტი, 20-30-კაციანი ფრაქციები და ხელფასებს იღებდნენ“.

„ასეა მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკაში. პარტია თუ აცხადებს ბოიკოტს რაღაც საკითხზე ან თემაზე გარკვეული ვადით, მას ერიცხება ხელფასი. ეს ჩემი მოგონილი კი არ არის, მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკის მოგონილია, მაგრამ „ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთია საქართველოში და მსოფლიოში, რომელმაც თავი დაისანქცირა, არ შევიდა პარლამენტში, რის გამოც ივანიშვილმა მიიღო სპეციალური კანონი, პარტიას წაართვა დაფინანსება, წაგვართვა ხელფასებიც, საარჩევნო კომისიაში წევრებიც, სატელევიზიო უფასო სარეკლამო დრო და დაგვტოვა გაკულაკებული ოთხი წელია, მაგრამ პარტია არ დაიშალა. პარტიამ გააგრძელა ბრძოლა და დაწყებული ბრძოლა მისი დასანქცირების და პოლიტიკური მოგუდვის, მიიყვანა ბოლომდე. დღეს მთელი ამერიკის კონგრესი და მთელი ევროპა დაკავშირებულია სწორედ მისი მოგუდვით, იმ მახრჩობლური პოლიტიკური მეთოდებით, რისი სპეციალისტიც თავისი თავი ეგონა. ახლა ნახოს, ვინ უფრო მეტი მახრჩობელა გამოდგა მისთვის, „ლეიბორისტული პარტია“ თუ თვითონ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ დაფინანსების გარეშე დარჩა და დაკარგა ის, რის გარეშეც პარტიები ვერ არსებობენ, თუმცა პარტია ბრძოლას განაგრძობს.

„აგერ, მილიარდერი ხაზარაძის პარტიამ ვერ გაძლო დაფინანსების გარეშე და მისცა თანხმობა. ოთხი წელია, ჩვენ დაფინანსების გარეშე ვართ. ნებისმიერ პარტიას, „ქართული ოცნებიდან“ დაწყებული, „ნაცმოძრაობით“ გაგრძელებული და დაგვირგვინებული გახარიას პარტიით, შეუწყვიტე  დაფინანსება, თანამშრომლებს არ მისცენ ფული და მომენტალურად, 24 საათში დაიშლება ყველა. არცერთი არ არის შექმნილი იდეის გამო, პატრიოტიზმის საფუძველზე და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ყველას თავისი ვიწრო ინტერესები აქვს, ზოგს ბანკი უნდა გადაარჩინოს, ზოგს – მილიარდები შეინარჩუნოს და ზოგს – ხელისუფლება დაიბრუნოს. ასეთი პატარ-პატარა მიზნები აქვთ და ეს მერე ქვეყნის ნგრევას იწვევს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.