შალვა ნათელაშვილი - სააკაშვილი კარგი პიარტექნოლოგია და შესანიშნავად იცის, როგორ დარაზმოს ამომრჩეველი საერთო მიზნისკენ
შალვა ნათელაშვილი - სააკაშვილი კარგი პიარტექნოლოგია და შესანიშნავად იცის, როგორ დარაზმოს ამომრჩეველი საერთო მიზნისკენ

მიხეილ სააკაშვილი კარგი პიარტექნოლოგია და მან შესანიშნავად იცის, როგორ დარაზმოს თავისი ამომრჩეველი საერთო მიზნისა და მოლოდინისკენ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა სტრატეგიული საკითხი არ არის.

„შესაბამისად, ეს განცხადებაც სრულიად ჯდება აღნიშნულ ფორმატში, როგორც წინა მისი განცხადებები ჩამოსვლაზე. ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ნამდვილად არავინ არ იცის. საერთოდ, არ არის ეს სტრატეგიული საკითხი. მან, როგორც ოპოზიციონერმა, შეუძლია, იაქტიუროს იქიდანაც და აქედანაც. ეს ალბათ მისი პირადი გადასაწყვეტი საკითხია მის პარტიასთან შეთანხმებით. საერთოდ, ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა გვყავდეს გაძევებული ქართველი არც პოლიტიკოსი და არც რიგითი. თუ რამეს დავაშავებთ, აქ ვაგოთ პასუხი, თუ უსამართლოდ ვიღაც გვდევნის, აქ მოვთხოვოთ პასუხი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.

„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.