შალვა ნათელაშვილი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართვა გავუგზავნეთ, რომ საკმარისია, ტელევიზიას შეეცვალოს სტატუსი, დაიკეტება საინფორმაციო სივრცე
შალვა ნათელაშვილი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართვა გავუგზავნეთ, რომ საკმარისია, ტელევიზიას შეეცვალოს სტატუსი, დაიკეტება საინფორმაციო სივრცე

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართვა გავუგზავნეთ, რომ საკმარისია, ტელევიზიას შეეცვალოს სტატუსი, დაიკეტება საინფორმაციო სივრცე საქართველოსა და მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ ლადო ჭანტურიას აცილებას უცხადებს.

„18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს. ეჭვი არ გვეპარება ამ მაღალი სასამართლოს კომპეტენტურობაში, მაგრამ დღეს მაინც გავუგზავნეთ მიმართვა, რომ საკმარისია ამ ტელევიზიას შეეცვალოს სტატუსი, იგი აღმოჩნდება რუსი ოლიგარქის ხელში და საერთოდ დაიკეტება საინფორმაციო სივრცე საქართველოსა და მსოფლიოსთვის. ასევე მოვითხოვთ, ჩამოსცილდეს საქმის განხილვის ნებისმიერ ნიუანსს საქართველოდან წარდგენილი ივანიშვილის პირადი მოსამართლე ვლადიმერ ჭანტურია, რომელმაც თავი გამოიჩინა იმით, რომ 1999 წელს შევარდნაძეს დაუკანონა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 2003 წელს დააკანონა ვარდების რევოლუციის შედეგები, პარლამენტიდან კი, დაითხოვა ხუთი პოლიტიკური პარტია. ასეთი სამარცხვინო მოსამართლე დედამიწის ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, მისი მიკარება გადაწყვეტილებასთან წინასწარ უკვე ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება იქნება არაობიექტური“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო სამ ქართულ საქმეზე – ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, „რუსთავი 2“-ისა და გოგალაძის საქმეებზე გადაწყვეტილებებს გამოაქვეყნებს.