შალვა ნათელაშვილი - ქრთამი მარტო ჯოჯოხეთს კი არა, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს
შალვა ნათელაშვილი - ქრთამი მარტო ჯოჯოხეთს კი არა, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს

ქრთამი მარტო ჯოჯოხეთს კი არა, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„თავიდანვე აღვნიშნავ, რომ „რუსთავი 2“ კი არა, „სიენენი“ და „ბიბისიც“ რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილმა, მას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია. რაც შეეხება ევროპის სასამართლოს, დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა შეკვეთებზე მომუშავე ცნობილმა მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომელიც ივანიშვილმა იქ ფაქტობრივად, ფულის ჩამომტარებლად შეუშვა. ქრთამი მარტო ჯოჯოხეთს კი არა, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს. რა თქმა უნდა, აქ გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ ასევე ევროპის პროპუტუნისტური ქვეყნებიდან წარდგენილი მოსამართლეებიც“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და მისი აღსრულება მოითხოვა. რეესტრმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში, 40-პროცენტიანი წილის მფლობელად კი შპს „პანორამა“ დაარეგისტრირა.