შალვა ნათელაშვილი - სააკაშვილის ვარსკვლავთმრიცხველის როლის მორგება გამიჭირდება
შალვა ნათელაშვილი - სააკაშვილის ვარსკვლავთმრიცხველის როლის მორგება გამიჭირდება

პოლიტიკოსის სურვილი, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში ან დაიკავოს მაღალი თანამდებობა, ნორმალურია, მაგრამ რამდენად რეალურია მიხეილ სააკაშვილის სურვილები და რამდენად ემთხვევა სინამდვილეს, ამას არჩევნები გადაწყვეტს, ძალიან გამიჭირდება, სააკაშვილის ვარსკვლავთმრიცხველის როლი მოვირგო, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილმა აღნიშნული კომენტარით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „მიხეილ სააკაშვილის პრემიერობა სურს, პარალლელურად უნდა, დაამტკიცოს, რომ ის არის ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი ლიდერი, მისი პარტია მთავარი ოპოზიციური ძალა. რა არის თქვენი პასუხი სააკაშვილის სურვილებზე, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში, როგორც პრემიერ-მინისტრი“.

„ვფიქრობ, პოლიტიკოსის სურვილი, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში ან დაიკავოს მაღალი თანამდებობა, იქნება პრემიერის, თუ პრეზიდენტის, ნორმალურია, არაფერი დანაშაულებრივი აქ არ არის. ის შეგრძნება, რომ მისი პარტია ყველაზე ძლიერია, ასევე ბუნებრივია. მსოფლიოში არსებული, თუნდაც კინკილა პარტიის ლიდერი არ გეტყვის, რომ მისი პოლიტიკური ძალა არის სუსტი. ახლა რამდენად რეალურია მიხეილ სააკაშვილის სურვილები და რამდენად ემთხვევა იმ სინამდვლეს, რაც ქვეყანაშია შექმნლი, ამას გადაწყვეტს 31-ში არჩევნები. წინასწარ ძალიან გამიჭირდება სააკაშვილის ვარსკვლავთმრიცხველის როლი მოვირგო“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, „მიხეილ სააკაშვილს, მისი პრეზიდენტობის პერიოდიდან რამეს საყვედურობთ?“, – ნათელაშვილი პასუხობს, რომ ახლა მთავარია არა ეს საკითხი, არამედ ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილება.

„ახლა ჩვენ ამ საკითხს არ ვიხილავთ, ჩვენთვის მთავარია, ივანიშვილის რეჟიმი მოვიცილოთ, წინა პერიოდების ცოდვებს და გადაცდომებს მერე მივხედავთ და განვიხილავთ“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „ გუშინ 20 პროცენტის დაკარგვას საყვედურობდით და დღეს ეს აღარ არის თქვენი მხრიდან მისი მისამართთ მთავარი საყვედური?“,- ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ტერიტორიების საიკითხი მუდმივ პრობლემად დარჩება.

„ეს დარჩება მუდმივ პრობლემად, სანამ ტერიტორიები არ დაბრუნდება. რა თქმა უნდა, დაკარგულზე ის ხელისუფლებები აგებენ პასუხს, რომლებიც იყვნენ მაშინ ძალაუფლებაში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, „როგორ აფასებთ ასეთი ადამიანის ისევ თანამდებობაზე დაბრუნების ამბიციას“, ნათელაშვილი პასუხობს: „მე ჩემი პოზიცია მაქვს ამის თაობაზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ საკუთარი კანდიდატურა დავაყენე პრემიერ-მინისტრად. თუ მოხდება მასობრივი მხარდაჭერა ხალხისგან, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სპექტრი ამას გაიზიარებს და დავიკავებ აღნიშნულ პოსტს, გავაკეთებ იმას, რასაც გპირდებით. თუ ასე არ მოხდა, სააკაშვილმა და მისმა პარტიამ აიღო უფრო მეტი ხმა, ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი პრეტენზიები ყოფილა დასაბუთებული. მე რა შემიძლია ამ დროს გავაკეთო“.