შალვა ნათელაშვილი - პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს გარანტირებულად წაგებას
შალვა ნათელაშვილი - პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს გარანტირებულად წაგებას

პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს გარანტირებულად წაგებას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მან ვადამდელი არჩევნების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს გარანტირებულად წაგებას იმიტომ, რომ პლებისციტით ჩვენ ვერ გავუჩენთ ხალხს მოტივაციას, მოვიდნენ უბანზე და გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება. პლებისციტზე ხალხს ბიძინა ივანიშვილი მოიყვანს ტომრებით და მიაცემინებს ხმას, რომ არჩევნები საჭირო არ არის. ახალი არჩევნების თარიღის გარეშე საარჩევნო და სასამართლო რეფორმა ნიშნავს სახლის სახურავიდან აშენებას, რომელიც გარანტირებულად ჩამოგვექცევა თავზე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციის შეხვედრის კომენტირებისას ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სხვა საკითხებზე მსჯელობა.

„შეხვედრაზე დავაფიქსირეთ პოზიცია, რაც არაერთხელ გაცხადდა – ახალი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წელს, რაც შეიძლება ჩქარა, რადგან ქვეყანა იმყოფება უდიდესი საფრთხის წინაშე, მას არ ჰყავს ლეგიტიმურად ფუნქციონირებადი უმაღლესი ორგანო, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება, ასევე პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი განვიხილოთ სხვა მართლაც მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმას, „მურუსიძიზმის“ დამთავრებას ჩვენს მართლმსაჯულებაში და საარჩევნო ცვლილებებს. ეს ორი დღე მუშაობის რეჟიმით იქნება დაძაბული და შესაძლებელია, გარკვეული წინსვლაც დაფიქსირდეს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.