შალვა ნათელაშვილი - ოპოზიციის კვლავ გასაერთიანებლად, მათ შორის საჭიროა, რომ ყველა ოპოზიციონერმა დაწეროს განცხადება და შეიწყვიტოს პარლამენტის წევრობა
შალვა ნათელაშვილი - ოპოზიციის კვლავ გასაერთიანებლად, მათ შორის საჭიროა, რომ ყველა ოპოზიციონერმა დაწეროს განცხადება და შეიწყვიტოს პარლამენტის წევრობა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ასახელებს წინაპირობებს, რაც მისი აზრით, ოპოზიციის კვლავ გაერთიანებისთვის არის საჭირო.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გასაერთიანებლად, მათ შორის აუცილებელია, რომ ყველა ოპოზიციონერმა დაწეროს განცხადება და შეიწყვიტოს პარლამენტის წევრობა.

„ოპოზიციური კოლეგებისგან, საზოგადოებისგან ისმის ხმები, მოთხოვნა, თხოვნა, რომ კვლავ გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ. „ლეიბორისტული პარტია“ ყოველთვის მიდიოდა ქვეყნისათვის კრიტიკულ მომენტში ერთად დგომის ფორმატისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ვზარალდებოდით. რა თქმა უნდა, იმავე აზრზე ვართ, მაგრამ ამისათვის საჭიროა სამი რამ:

1. ყველა ოპოზიციონერმა დაწეროს განცხადება და შეიწყვიტოს პარლამენტის წევრობა; 2. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწეროს მიმართვას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქონების დასანქცირებაზე; 3. შეიქმნას პარლამენტის გარეთ საკონსულტაციო პარლამენტი პარტიებისა და დეპუტატებისაგან, რომლებიც მოამზადებენ გარდაუვალ ახალ არჩევნებს და საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად პარამეტრებს. ეს სამი აუცილებელი ჩვენი მოთხოვნა კი არა, ისტორიული მოთხოვნა თუ იქნება შესრულებული ჩვენი ოპოზიციური კოლეგების მიერ, რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას არავისთან არანაირი პრობლემა არ ექნება, რადგან დღეს მთავარია ჩვენი ქვეყანა, მისი მომავალი და საშინელი უბედურებიდან ჩვენი სახელმწიფოს ამოყვანა, ხალხის გადარჩენა. დღეს საკითხი არ დგას პარტიულ დაპირისპირებაზე, რომელი პარტიაა უკეთესი. საკითხი დგას ასე – საქართველო უნდა გადარჩეს და მას აუცილებლად გადავარჩენთ. იმედია, ჩემი კოლეგები ამ განცხადებას სერიოზულად განიხილავენ და შეაფასებენ.

პარლამენტში არსებობს ოპოზიციად წოდებული ჯგუფები, რომლებიც „ქართულ ოცნებაზე“ უარესი „ქართული ოცნებაა“ და ქვეყნისთვის უფრო ცუდ საქმეს აკეთებენ, ვიდრე თავად მმართველი პარტია. ასეთების გამოსვლას არც ველოდებით და არც არაფერს ვთავაზობთ. საუბარია იმ პოლიტიკურ ძალებსა და პიროვნებებზე, ვისაც სურს, ემსახუროს თავის ქვეყანას – დარჩეს ქართულ პოლიტიკაში და ხალხს გაუსწოროს თვალი სამომავლო ურთიერთობებში. ამათზეა საუბარი და ეს რაოდენობა საკმარისია, თუ გადაწყვეეტენ, მოინდომებენ. სავსებით საკმარისია აღნიშნული კონტინგენტი, რათა პარლამენტი გახდეს გადაწყვეტილების მიღების უუნარო, 112-ზე ჩამოვიდეს პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რის შემდეგაც ეს ორგანო აღარ ჩაითვლება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ. არ ექნება უფლება, შეიტანოს ცვლილებები. 113 ხმა ხომ უნდა. ცვლილებები ძირითად კანონში, ამაზეა საუბარი, თორემ ახლა ინჯიაც ოპოზიციას იძახის თავზე და ელისაშვილიც. კიდევ ვიღაცები აღარ მინდა, დავასახელო“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი