შალვა ნათელაშვილი - ოპოზიციის ხვალინდელი შეხვედრა შედგება პოლიტპატიმართა მონაწილეობით, გიგი უგულავა აქედან დააპატიმრეს და ისევ აქ ბრუნდება
შალვა ნათელაშვილი - ოპოზიციის ხვალინდელი შეხვედრა შედგება პოლიტპატიმართა მონაწილეობით, გიგი უგულავა აქედან დააპატიმრეს და ისევ აქ ბრუნდება

ხელისუფლების გადაბარების ასპექტში მაჟორიტარები არის მთავარი კომპონენტი, არ უნდა დავუშვათ, რომ ოლიგარქიამ იქ აგვიღოს რევანში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელთა ხვალინდელ შეხვედრაზე დაიგეგმება მიმდინარე ეტაპის სტრატეგია.

„ხვალ, როგორც ცნობილია, გაიმართება მორიგი შეხვედრა ოპოზიციურ პარტიათა საკონსულტაციო ფორმატით, სადაც გველოდება სასიამოვნო სიურპრიზი. ეს მოხდება პოლიტპატიმართა მონაწილეობით. ბატონი გიგი უგულავა აქედან დააპატიმრეს და აქ ბრუნდება ისევ. დაიგეგმება მიმდინარე ეტაპის სტრატეგია, რათა ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რასაც ელოდება ყოველი ქართველი პატრიოტი, წავიდეს უმტკივნეულოდ, ჰარმონიულად, ყველა შიდა და საერთაშორისო ნორმების დაცვით.​ ხელისუფლების გადაბარების ასპექტში მაჟორიტარები არიან მთავარი კომპონენტი, სეგმენტი, რადგან ასე თუ ისე, 30 მაინც დარჩა და არ უნდა დავუშვათ, რომ ოლიგარქიამ იქ აგვიღოს რევანში. პარტიული პროპორციული წააგო, მაგრამ იქ რევანში არ უნდა აიღოს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, ბლოკებად გაერთიანების საკითხი პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ ერთმანეთში.

„ჩვენი საკონსულტაციო ფორმატი იმითაა ღირსეული და ფასეული, რომ იქ არ მიდის ვაჭრობა – ბლოკები, ალიანსები, კოალიციები, მომიტეხე ყველი, მოგიტეხავ პურსა, ჩემი ჩაწერე მეორე ნომრად, ჩემი ჩაწერე მეექვსე ნომრად, კვოტები გავიყოთ. ეს მომენტი რომ მოიხსნა ქართულ პოლიტიკაში, დადგა შედეგები. პარტიებმა სრულიად გასაგებად და ცალსახად განაცხადეს წინა შეხვედრაზე, რომ პოლიტპატიმართა გათავისუფლების გარეშე, არც არავინ იოცნებოს, რომ ოპოზიცია, იგივე საპარლამენტო მონაწილეობას მიიღებს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სახელისუფლებო მანიპულაციებში. ეს არის ყოვლად გამორიცხული. ერთი ადამიანიც რომ იჯდეს უსამართლოდ და პოლიტიკური მოტივებით ციხეში, იმ არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის ნორმა და არ გახლავთ ჩვენი მოგონილი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.