შალვა ნათელაშვილი - ოპოზიციამ დაუყოვნებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები, შეიქმნას მშვიდობიანი წინააღმდეგობის ეროვნული ხსნის კომიტეტი, დავუძახოთ ხალხს ქუჩაში
შალვა ნათელაშვილი - ოპოზიციამ დაუყოვნებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები, შეიქმნას მშვიდობიანი წინააღმდეგობის ეროვნული ხსნის კომიტეტი, დავუძახოთ ხალხს ქუჩაში

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სამპუნქტიანი სტრატეგია წარადგინა.

ნათელაშვილის განცხადებით, სტრატეგია მოიცავს, რომ ოპოზიციამ დაუყოვნებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები, შეიქმნას ეროვნული მშვიდობიანი წინააღმდეგობის ეროვნული ხსნის კომიტეტი და მოუწოდონ ხალხს ქუჩაში გასვლისკენ.

„როგორც საყოველთაოდ ცნობილია, „ლეიბორისტული პარტიის“ თავგანწირულმა შრომამ რუსი დიქტატორ-ოლიგარქი, გვარს არ დავასახელებ, ყველამ იცით, მიიყვანა სანქცირების დასაწყისამდე. დღეს მთელი ქვეყნიერება – საქართველო და მსოფლიო ოპოზიციის პოზიციას ელოდება, რათა დავასრულოთ ეს საშინელი რეალობა, რომელიც ჩვენს თავს ტრიალებს. გთავაზობთ სამპუნქტიან სტრატეგიას, რამაც ჩვენს ქვეყანაში უნდა გაწმინდოს მომავლის ჩახერგილი გზები. პირველი – ოპოზიციამ დაუყოვნებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები. მეორე – შეიქმნას ეროვნული მშვიდობიანი წინააღმდეგობის ეროვნული ხსნის კომიტეტი. მესამე – დავუძახოთ ხალხს ქუჩაში. ყველაფერ ამას მოჰყვება საშინელი ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული, ახალი დემოკრატიული არჩევნები და მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ჩვენი ხალხის განწყობის და ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ლიდერები. ეს ერთადერთი სწორი სტრატეგიაა, ერთადერთი ხსნა იმისთვის, რომ დავასრულოთ მარაზმატიკული რეჟიმი, რომელიც ისედაც დასრულდება, რომლის სანქცირების პროცესს ჩვენი პარტია დაასრულებს, მაგრამ ცოტა დროში გაწელვით. თუ გვინდა, გარდამავალი დრო შევამციროთ და თავისუფლების ჟამი დავაყენოთ სწრაფად, საჭიროა, ოპოზიციამ რაღაც პირადი გაწიროს. მარტო ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, მარტო ლამაზი დაპირებები, მარტო სამუშაო ჯგუფებში ჯდომები, მარტო პარლამენტის მბრუნავ სავარძლებზე კოტრიალი, მარტო საკრებულოებში ტენდერებზე ჩალიჩი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ჩვენ შეგვიძლია, ერთად დავაყენოთ გაზაფხული და ეს სამი პუნქტი ამის გარანტია“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ვიდრე აქციები დაანონსდება, თუ ჩატარდება, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მანამდე უნდა დატოვოს საპარლამენტო მანდატი, ასევე, საკრებულოებში მანდატი.

„ამის შემდეგ გამოვა ხალხი აქციაზე. აბა, ისე, რომ საპარლამენტო ბუფეტში კარგად გამოძღეს შავი ხიზილალით გაიაფებულზე და სეილზე, შემდეგ გამაძღარი გარეთ გამოვიდეს და ხალხს დასძახოს – ხალხო, თავისუფლება და დემოკრატია გვინდა, ასე არ შენდება ქვეყანა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამავდროულად, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციები არ ჰქონიათ და აღნიშნული კონცეფცია „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ზაფხულის განმავლობაში შეიმუშავა.

„გადავწყვიტეთ, პარლამენტის გახსნის წინა დღეს გამოგვეცხადებინა. სხვა პარტიებმა თუ რამდენიმე საათი და წუთი დაგვასწრეს, ეს კარგია, მაგრამ ჩვენ სხვა რამეს ვაცხადებთ. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, რაც „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გააკეთა, ხომ ააკრძალინა თავი, პარტია აკრძალეს, რადგან არ დავუთმეთ, ბოლომდე მივაწექით, არ დავნებდით. ბოიკოტიც არ მოვხსენით, არც პარლამენტში შევედით, არც შარლ მიშელის დოკუმენტზე მოვაწერეთ ხელი, არც მნია-მნია დაგვიწყია იმის თაობაზე, სამუშაო ჯგუფებში მივიღოთ მონაწილეობა და 12 პუნქტიდან ექვსიც რომ შესრულდეს, დიდი პროგრესია. ჩვენ ვუთხარით – უნდა წახვიდეთ და ამისთვის დავისაჯეთ. აგვკრძალეს, რეკლამის უფლება წაგვართვეს, საარჩევნო კომისიებში წევრთა დანიშვნის პრეროგატივა მოგვისპეს, მცირე, მათხოვრული დაფინანსებაც წაგვართვეს. წავიდნენ ესენიც ამაზე, მთელი ზაფხული რომ იკოტრიალეს კარიბის ზღვის პლიაჟებზე საპარლამენტო დაფინანსებით, ახლა შემოდგომით ცოტა შემოიჭირონ ქამრები და შედეგი იქნება“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მოქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად. ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა.