შალვა ნათელაშვილი - მმართველი ფენა, რომელიც ვერა-ვაკეში ბობოქრობს, არის პარაზიტი ერის სხეულზე
შალვა ნათელაშვილი - მმართველი ფენა, რომელიც ვერა-ვაკეში ბობოქრობს, არის პარაზიტი ერის სხეულზე

შალვა ნათელაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატია, – ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, მზად არის, ბანკირ-ოლიგარქიული რეჟიმის ქართული პოლიტიკიდან განსადევნად. მისი თქმით, აპირებს, ხალხს დაუბრუნოს დემოკრატია, სამართლიანობა და კანონიერება.

„ბევრი ვიფიქრე, როგორ მიმელოცა ჩემი ხალხისთვის ახალი წელიწადი, შობა და ეს ბრწყინვალე დღესასწაულები. დღეს იმაზე დიდი მილოცვა, ვიდრე თავგანწირული ბრძოლისთვის მზადყოფნის გამოხატულება, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.

მომავალ წელს ტარდება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის მონაწილეობით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს არჩევნები უკანასკნელი იყოს ბანკირ ოლიგარქებისთვის.

ამდენად, არჩევნებამდე 10 თვით ადრე, ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც ყოველთვის და ვაცხადებ ჩემი ქვეყნისა და მსოფლიოს გასაგონად, ვიწყებ საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, მზად არის, დაასრულოს ბანკირ-ოლიგარქიული რეჟიმი და დააბრუნოს ქვეყანა იმ ორბიტაზე, საიდანაც ხელისუფლებამ ჭაობში ჩააგდო.

„მივმართავ სახელოვან ინტელიგენციას, ინტელექტუალური შრომისა და მისიის ადამიანებს, მარტო ვერა-ვაკე არ არის ინტელიგენცია და ელიტა. ვერა-ვაკე, რა თქმა უნდა, ყველა არა, მაგრამ ის მმართველი ფენა, რომელიც იქ ბობოქრობს, არის პარაზიტი ერის სხეულზე, ნუ მიიღებთ მას და მაგალითს ნუ აიღებთ. ისინი მთელ საქართველოს უყურებენ, როგორიც მეორეხარისხოვან არსებებს, გოებს და ვასწავლით ვინ არის გოი, გავაძევოთ ისინი თბილი კაბინეტებიდან. მოვაცილოთ ჩვენს ლუკმას, რომელსაც წურბელებივით ასხედან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.