შალვა ნათელაშვილი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღსადგენად „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ დაწყებული ბრძოლა მოგებულია
შალვა ნათელაშვილი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღსადგენად „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ დაწყებული ბრძოლა მოგებულია

„ლეიბორისტული პარტიის“ მიერ დაწყებული ბრძოლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღსადგენად, მოგებულია, – ასე აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

შალვა ნათელაშვილის თქმით, დღეს დადასტურდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

„ორშაბათიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში,ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი თქვენს განკარგულებაშია, რითიც აღდგება ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების რიტმი. ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ჩვენს ზეწოლას, სასამართლო სარჩელებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჩვენს აქტიურობას და იძულებული გახდა ხელი აეღო გეგმებზე, რომელიც ითვალისწინებდა ხალხის გამოკეტვას სახლებში წინასაარჩევნოდ და შემდგომ, საპროტესტო ტალღის ჩახშობასაც.

არჩევნების შემდეგ თუ თქვენი ნებით „ლეიბორისტული პარტია“ გაიმარჯვებს, ჩვენ თანამდებობის პირებს ჩამოვსვამთ ჯიპებიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება უფასო თქვენი და თქვენი შვილებისთვის. როგორც ეს გააკეთეს ბალტიისპირეთში, გერმანიაში, საფრანგეთში. ჩვენ მივმართეთ სასამართლო ინსტანციებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და იცოდა ხელისუფლებამ თქვენი განწყობა, რის გამოც იძულებული გახდა, უკან დაეხია. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძოლას არა მარტო ყოველთვის აქვს აზრი, არამედ ბრძოლა აუცილებელი და გარდაუვალია, რომ მომავალი შემოვიმტკიცოთ, არავის გავაბედვინოთ სამომავლოდ უზურპაცია, დიქტატურა, სახლში გამოკეტვა ჰიგიენური ღონისძიებების მოტივით და ძალაუფლებით ტკბობა ჩვენი ბიზნესის საკუთარ ქონებად გადამტკიცებით.

კარგი გენერალური რეპეტიცია შედგა, იმედია, მეორე და მთავარი სერია იქნება 2 ოქტომბერს, სადაც უნდა გაიმარჯვოს „ლეიბორისტულმა პარტიამ“, რომელიც მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა თქვენს უსაფრთხოებაზე, მრავალპარტიული მთავრობის ჩამოყალიბებაზე და ქვეყნის გადაყვანაზე განვითარების იმ ორბიტის მიმართულებით, სადაც ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ კოსმოსიდან დიდი იდიალებისაკენ, საიდანაც ჩვენ ჩამოგვაგდეს. ჩვენ გველოდება დიდი ეროვნული კოსმოდრომი, საიდანაც უნდა ავფრინდეთ, რაკეტა თუ არ აფრინდება, ის ფეთქდება, იმსხვრევა. ამ მეორე ვარიანტს ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს.

დატოვე კომენტარი