შალვა ნათელაშვილი - ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაწირა ხალხი, არ დაკეტა საზღვარი ირანთან, გათვლა არის მარტივი, გადაიტანონ ხალხის ყურადღება აქტიური საპროტესტო აქციებიდან
შალვა ნათელაშვილი - ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაწირა ხალხი, არ დაკეტა საზღვარი ირანთან, გათვლა არის მარტივი, გადაიტანონ ხალხის ყურადღება აქტიური საპროტესტო აქციებიდან

იმედის გამოვთქვამ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ღმერთი დაიფარავს, როგორც ადრე, და ეს ყველაფერი ჩაივლის უპრობლემოდ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვეულებრივ ბრძოლას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსი არის ჩვეულებრივი გრიპი. სასიკვდილო შედეგები ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაში.

„ხელისუფლებამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გაწირა ხალხი. არაერთგზის მოწოდებისა, მან არ დაკეტა საზღვარი ირანთან. შედეგად, კორონავირუსი უკვე საქართველოშია. გათვლა ძალიან მარტივი გახლავთ, გადაიტანონ ხალხის ყურადღება რეჟიმის შეცვლიდან, აქტიური საპროტესტო აქციებიდან და მიტინგებიდან სასიკვდილო ინფექციაზე. ვარწმუნებ ივანიშვილის რეჟიმს – ვერანაირი ვირუსომანია მათ ვერ გადაარჩენს. ახლა მაინც კეთილი ინებეთ, დაურიგეთ მოსახლეობას პირბადეები, შეწყვიტეთ სწავლა. სამწუხაროა, როდესაც ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე გვჭირდება ბრიფინგები, რათა სასიკვდილო ვირუსი მაინც გააჩერო. ეს პროპორციული არჩევნები ხომ არ არის, არაფერი არ უნდოდა. ყველა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმაც კი, დაკეტა საზღვარი ჩინეთთან, ირანთან, სამხრეთ კორეასთან და ყველა იმ რეგიონში, სადაც ეს ვირუსი წარმოიშვა. ჩვენი ხალხი პანიკიორი არ გახლავთ. მინდა კიდევ აღვნიშნო, რომ ეს ვირუსი გახლავთ ჩვეულებრივი გრიპი, სასიკვდილო შედეგები ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი გრიპის დროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოსაცილებელი გვყავს მთავარი ვირუსი – მისი გვარია ივანიშვილი, ბიძინოვირუსი. სწორედ ეს ვირუსი უნდა მოვიცილოთ, რის შემდეგაც ნებისმიერი ინფექციური დაავადება ვერაფერს ვეღარ შემოგვბედავს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის ფონზე ოპოზიციის აქცია საფრთხის წინაშე არ არის, რადგან 4 აპრილამდე პიკი ჩაივლის.