შალვა ნათელაშვილი - კარგი იქნება, ზოგიერთმა ჩვენმა მეგობარმა ატლანტიკაში, გაღმაც და გამოღმაც, რაც შეიძლება დროზე გააცნობიეროს, რომ ჩვენ არ ვიბრძვით პარტიული ინტერესებისთვის
შალვა ნათელაშვილი - კარგი იქნება, ზოგიერთმა ჩვენმა მეგობარმა ატლანტიკაში, გაღმაც და გამოღმაც, რაც შეიძლება დროზე გააცნობიეროს, რომ ჩვენ არ ვიბრძვით პარტიული ინტერესებისთვის

კარგი იქნება, ზოგიერთმა ჩვენმა მეგობარმა ატლანტიკაში, გაღმაც და გამოღმაც, რაც შეიძლება დროზე გააცნობიეროს, ჩვენ არ ვიბრძვით პარტიული ინტერესებისათვის, ვიბრძვით თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის, რომელიც იქნება ღირსეული პარტნიორი ამერიკის და მთელი დასავლური ცივილიზაციის, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ზოგიერთი უცხოელი მეგობარი მათ გაოცებას აგრძელებს.

ნათელაშვილმა მაგალითად მოიყვანა მიშელის დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოწოდებაზე სენატორ რიშის განცხადება და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი პარტიების მხრიდან ხელმოწერისთანავე დაირღვა.

მისივე განმარტებით, ცინიზმია, როდესაც ერთი მხრივ პარლამენტში გეპატიჟებიან, მეორე მხრივ კი „ლეიბორისტულ პარტიას“ ართმევენ საარჩევნო კომისიაში კუთვნილ წევრებს, სარეკლამო დროს და დაფინანსებას.

„ზოგიერთი ჩვენი უცხოელი მეგობარი აგრძელებს ჩვენს გაოცებას, სენატორმა რიშმა გააკეთა განცხადება და მოგვიწოდა, ხელი მოვაწეროთ მიშელის დოკუმენტს, შევიდეთ ივანიშვილის პარლამენტში. მე ვეკითხები ჩვენს მეგობარ სენატორს, რომელ დოკუმენტს მოვაწერო ხელი, რომელიც ხელმოწერისთანავე დაირღვა და მისგან დარჩა ფარატინა ქაღალდი. შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლო რეფორმას, ჩავარდა, იგივე მოსამართლეებს გვინიშნავენ, კომუნიკე, რომელიც ითვალისწინებდა საარჩევნო რეფორმას, ჩაიჩეხა და ვხედავთ, რომ ქალბატონი ჟვანია კვლავ კომისიის წევრია და მივიღეთ უარესი შემადგენლობა, ვიდრე ადრე შეიძლებოდა ყოფილიყო წევრთა რაოდენობასა და ხარისხსში, ხედავთ, რომ მიიღეს კანონები, რომლის თანახმადაც, მშვიდობიან აქციებში მონაწილეობა ჯარიმების მაგივრად ციხით ისჯება, და რაც მთავარია, დაიწყო „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვის პროცესი და ეს ტემპი მიდის შეუდრეკლად. ჩვენ გვართმევენ საარჩევნო კომისიაში კუთვნილ წევრებს, ჩვენ გვართმევენ სარეკლამო დროს და დაფინანსებას და გვეპატიჟებიან პარლამენტში. რა არის ეს, თუ არა კაცობრიობის ისტორიაში არნახული ცინიზმი.

მე ვთხოვ სენატორ რიშს და სხვა მეგობარ სენატორებს, დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველოში დაიწყება დემოკრატიული პროცესების აღდგენა და ჩვენ დავუსხლტებით პუტინის კლანჭებს. სხვა შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრები ამერიკიდან აძლიერებენ პრომოსკოვურ პუტინის ოლიგარქიულ რეჟიმს საქართველოში. ეს იქნება ბევრწილად ჩვენთვის აუხსნელი, მაგრამ რა თქმა უნდა სტრატეგიას და საქმიანობის ტაქტიკას გარკვეულ წილად მოვახდენთ აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით.

არ ვაპირებთ, ჩავბარდეთ პუტინის რეჟიმს და მისგან დანიშნულ მეფისნაცვალ ოლიგარქს, არ აპირებს ქართველი ერი ამას და კარგი იქნება, ზოგიერთმა ჩვენმა მეგობარმა ატლანტიკაში, გაღმაც და გამოღმაც, რაც შეიძლება დროზე გააცნობიეროს და გაიგოს, ჩვენ არ ვიბრძვით პარტიული ინტერესებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ჭეშმარიტად თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის, რომელიც იქნება ღირსეული პარტნიორი ამერიკის და შემდეგ მთელი დასავლური ცივილიზაციის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი