შალვა ნათელაშვილი - ევროსასამართლოს ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, ამიტომ არარსებულ გამარჯვებებზე საუბარს მოვრჩეთ
შალვა ნათელაშვილი - ევროსასამართლოს ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, ამიტომ არარსებულ გამარჯვებებზე საუბარს მოვრჩეთ

მესმის, რომ ყოფილ და ახლანდელ მმართველ ძალებს სურთ, დააფიქსირონ საკუთარი დამსახურებანი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ, დამერწმუნეთ, ამ ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, ვიდრე აქამდე იყო, – ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ნათელაშვილის აზრით, არარსებულ გამარჯვებებზე საუბარი უნდა დასრულდეს.

„ახლა მეც ჭეშმარიტად თქვენთან ერთად გავიხარე, როდესაც ევროსასამართლოს ვერდიქტზე შევიტყვე, მაგრამ როდესაც გავეცანი ამ გადაწყვეტილებას, სადაც პირდაპირ წერია, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარები არ ყოფილა საქართველოში და რუსეთი პასუხს არ აგებს, რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში 8 -12 აგვისტოს, რადგან ისინი თურმე იცავდნენ მშვიდობისმყოფელებსა და სამოქალაქო მოსახლეობას საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან და ა. შ. მოკლედ სიხარულიდან არაფერი აღარ დამრჩა. მესმის, რომ ყოფილ და ახლანდელ მმართველ ძალებს სურთ, დააფიქსირონ საკუთარი დამსახურებანი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ, დამერწმუნეთ, ამ ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, ვიდრე აქამდე იყო.

ამიტომ არარსებულ გამარჯვებებზე საუბარს მოვრჩეთ და ნუ მივაძინებთ სამუდამოდ ამ ოპიუმით იმ სახალხო ჟინს, რამაც დიდი საქართველო უნდა აღგვადგენინოს. P.S შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროპის სასამართლომ დისპოზიციურ ნაწილში ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პუტინთან მომზადებული განცხადებები ასახა იმის თაობაზე, თითქოს ჩვენს მიწაზე ჩვენვე გავაჩაღეთ ომი“, – წერს შალვა ნათელაშვილი. „ფეისბუქის“ გვერდზე.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

დატოვე კომენტარი