შალვა ნათელაშვილი - დადგა ჟამი, მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთ, მანამდე ტექნიკურ მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს მოვითხოვთ
შალვა ნათელაშვილი - დადგა ჟამი, მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთ, მანამდე ტექნიკურ მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს მოვითხოვთ

ლეიბორისტულ დარბაზში შექმნილმა უპრეცედენტო ოპოზიციურმა ერთიანობამ, ჩვენი ხალხის დიდი მხარდაჭერით, ისტორიული შედეგი მოიტანა. ხელისუფლება იშლება, მმართველი გუნდი გახეთქილია და ახალი არჩევნები გარდაუვალია, –  ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა დროა, განახლდეს მოლაპარაკებები და ძირეული საარჩევნო რეფორმა გატარდეს.

„ეს ყველაფერი ისტორიის განგებით ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს მოხდა. ქართველმა ხალხმა მას კარგი სიურპრიზი და საჩუქარი გაუმზადა იმ ძალადობის, გადაგდების, გაღატაკების, სახელმწიფოს ჩამოშლისთვის, რაც მან და მისმა ე.წ. გუნდმა იკადრეს. ახლა დადგა ჟამი, მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, გავატაროთ ძირეული საარჩევნო რეფორმა და უახლოეს ხანში ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები მრავალპარტიული კუალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივებით, რომლის მთავრობაც იმუშავებს ხალხზე, სიღატაკის დაძლევაზე, ქვეყნის ფეხზე წამოყენებასა და არა საკუთარ ჯიბეზე.

მანამდე, მოვითხოვთ ტექნიკურ მთავრობას და ტექნიკურ პრემიერ-მინისტრს. არავითარი პარტიული, სახელგატეხილი, ტარტაროზი ფიგურა პრემიერ-მინისტრად და მით უფრო პოლიტიზებული მინისტრები. ყველაფერი ეს გამოიწვია მმართველი გუნდის დანაშაულებრივმა ქმედებებმა. მათი უკან დაუბრუნებელი დაღმასვლა დაწყებულია. იმედს ვიტოვებ, მეტად არ მოიტეხავენ კისერს და ქვეყანა ძალიან მალე გადავა ახალ მშვიდობიან, ეროპულ, კონსტრუქციულ სტადიაში. ახლა არის პოლიტიკური კრიზისის კულმინაცია. კრიზისი ყოველთვის არ არის ცუდი. როდესაც ჩვენ ვიბადებოდით, ჩვენს დედებს სასტიკად სტკიოდათ მუცელი. ეს იყო კრიზისი, მაგრამ მან შვა ახალი სიცოცხლე თქვენი სახით. აი, ამ კრიზისმა შვა ახალი საქართველო“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.