შალვა ნათელაშვილი - ცოტა ჭკუით იყვნენ ფერმერები
შალვა ნათელაშვილი - ცოტა ჭკუით იყვნენ ფერმერები

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძესთან დაკავშირებით, სადაც მან ფერმერს „ფეესბეს“ ოფიცერი უწოდა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, მსხვილმა ოლიგარქიამ თითქმის ყველა რეგიონში შვა ადგილობრივი ლიპარიტ ბაღვაშები – ფეოდალები, რომლებიც ფლობენ დიდ ბიზნესებს, ატერორებენ მოსახლეობას და უკრძალავენ მათ ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობას.

ნათელაშვილის თქმით, დედოფლისწყაროს რაიონი ყოველთვის იყო მისი პარტიის საბაზისო რეგიონი, ახლა კი ისინი დაშინებული არიან.

„როდესაც ჩვენმა რეგიონულმა სამსახურმა მოინდომა, დაეკომპლექტებინა უბნები არხილოსკალოში, ზემო ქედში, ქვემო ქედში და მივიდნენ ჩვენს აქტივისტებთან, ნათესავებთან მათი პასუხი იყო სრულიად თანმხვედრი – ჩვენ გვეშინია ბიზნესმენ ბენიაიძის, რომელიც თამაზაშვილ-ღარიბაშვილის მოსკოვურ ჯგუფშია, დავკარგავთ სამსახურს, მოგვივარდებიან ბიჭები, ჯოხებით გვცემენ და ამიტომ უბანშიც ვერ ჩავსხდებით. რაც უნდა ატეროროს ხალხი, რაც უნდა იხტუნაოს, ფერმერები ან სხვა, გრანტზე დამსხდარი ორგანიზაციები, პასუხისგებაში მაინც იქნებიან მიცემული. ცოტა ჭკუით იყვნენ და მიხედონ სოფელს, გლეხებს, თავი დაანებონ ოლიგარქთან ფეხების ლოკვას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, ბენიაიძე აცხადებს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან და გაკეთებული განცხადებების გამო თუ ბოდიშს მოიხდის, ფერმერები სასამართლოში აღარ უჩივლებენ, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ეს განცხადება იმ მიზნით გააკეთა, რათა მათ სარჩელი შეიტანონ.

„მთელი საქართველო ოლიგარქის მონები ვართ, თუ ამ ჯაჭვებს ჩვენ არ გავწყვეტთ, როგორც ამირანმა აწყვიტა ის ჯაჭვი, ოლიგარქია კიდევ დაგვიმატებს ჯაჭვებს. რაც შეეხება ამ ნაძირალა ღარიბაშვილ-თამაზაშვილის ბანდის წევრ ბენიაიძეს, ის აუცილებლად დაჯდება საბრალდებო სკამზე და შესაძლოა მასთან ერთად მისი კუდებიც. რა ფაქტები უნდა დავუსახელო, მეტი ფაქტი რა გინდა, არ აძლევს საშუალებას მეზობლებს, თანასოფლელებს, დასხდნენ საარჩევნო კომისიებში და იმ პარტიის აქტივისტები იყვნენ, რომლის მიმართაც მათ სიმპატიები აქვთ. ადამიანის უფლებების შეზღუდვისა და ძალადობის მეტი ფაქტი რა გინდათ? რუსეთის კლასტერია ღარიბაშვილი, თამაზაშვილი და მასთან დაკავშირებული ყველა ეს ჯანყარაშვილ-ბენიაიძეები. ეს ქიზიყის ბანდა არის რუსეთის კლასტერი და ჯგუფურად აგებენ პასუხს. სარჩელის შეტანაზე იმიტომ გავაკეთე ეს განცხადება, რომ მათ სარჩელი შეიტანონ, აბა სხვა მიზანი რა მქონდა, თქვენ ფიქრობთ, რომ მათ ნამუსი და ზნეობა გაეღვიძებოდათ?“ – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მერძევეების ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძეს რუსეთის „ფეესბეს“ ოფიცერი უწოდა. ნათელაშვილი წერს, რომ დედოფლისწყაროში მოქალაქეების დაშინებისა და მოსყიდვის მიზნით, ბენიაიძეს ჯარისკაცების ბიუჯეტიდან ფული მისცეს. შალვა ნათელაშვილის ბრალდებას უპასუხეს საქართველოში მოქმედმა ფერმერულმა გაერთიანებებმა. როგორც ისინი აცხადებდნენ, შალვა ნათელაშვილის ბრალდება იყო ცილისწამება. თუ მას რაიმე დამადასტურებელი საბუთი ჰქონდა, გამოექვეყნებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი სიტყვები უკან წაეღო და ბოდიში მოეხადა.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბენიაიძემ და ფერმერთა ასოციაციებმა დაიწყეს სარჩელის მომზადება შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ.